სამშენებლო პროდუქტების შემოწმების რაოდენობა გაიზარდა

Modern Roofing

საქართველოში სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი გამკაცრდა, კერძოდ: 2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა “სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, რომელიც გულისხმობს ცემენტის, არმატურის, ელექტროკაბელებისა და პლასტმასის მილების ზედამხედველობას. ახალი რეგულაციის მიხედვით, აღნიშნული პროდუქტების ზედამხედველობა, შეფასება, განთავსება და იმპორტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შედეგად გაიზარდა თუ არა სამშენებლო მასალების შემოწმების რაოდენობა ლაბორატორიაში, როგორია მათი ხარისხი,  როგორ უნდა მოხდეს სამშენებლო პროდუქტების შემოწმება და ვინ არის ძირითადად მომმართველი, ამ და სხვა კითხვებით ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის ხელმძღვანელს, ვიტალი დვალიშვილს მივმართეთ.

–         როგორ უნდა შეამოწმოს დამკვეთმა სამშენებლო პროდუქტები?

სამშენებლო ობიექტზე შესული არმატურის ყველა პარტიიდან უნდა მოხდეს ნიმუშების აღება. არმატურის თითო დიამეტრის სამი სხვადასხვა ღეროს  შუა ნაწილიდან უნდა ამოიჭრას ერთმეტრიანი ნაჭერი. ნიმუშები ლაბორატორიაში დამუშავდება და გამოიცდება გაჭიმვასა და ღუნვაზე. შედეგის მიხედვით დადგინდება არმატურის კლასი.

რაც შეეხება ბეტონს, ბეტონის ჩასხმის პერიოდში ხდება საკონტროლო ნიმუშების აღება. ნიმუშები ერთი დღე-ღამის განმავლობაში რჩება ობიექტზე, იმავე პირობებში რეალური კონსტრუქციის გვერდით. დროზე ადრე, გამყარებამდე მისმა ტრანსპორტირებამ შესაძლოა განშრევება გამოიწვიოს. ლაბორატორიაში გადმოტანის შემდეგ, ნიმუშები სპეციალურ რეჟიმის კამერაში (ოთახში) ინახება. პირველი ნიმუში 7 დღის შემდეგ, დანარჩენი კი 28 დღის შემდეგ გამოიცდება.

–         რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, გაიზარდა თუ არა სამშენებლო მასალების შემოწმების მიზნით თქვენთან მომართვიანობა? თუ გაიზარდა, ვინ არის მომმართველი?

ბეტონი მანამდეც საკმაოდ ინტენსიურად მოწმდებოდა, ცემენტის შემოწმების მოთხოვნაც გაიზარდა, მაგრამ განსაკუთრებით მოიმატა არმატურის შემოწმების მოთხოვნამ. შემოწმებას, როგორც წესი, დამკვეთი, მშენებელი ითხოვს. ამ დადგენილებასთან დაკავშირებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც მასალების შემოწმებით შემომტანებიც ინტერესდებიან.

–         როგორია საქართველოში წარმოებული არმატურის ხარისხი?

რომ ვთქვათ, ქართული არმატურა ცუდია, ან პირიქით – არ შეიძლება. ყოფილა ცუდი ხარისხის როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული, მაგრამ უფრო მეტი კარგია.

–         რაც შეეხება ცემენტს, როგორია მისი ხარისხი?

გაზაფხულსა და აგვისტოში, როდესაც მოთხოვნა მაღალია, დაბალი ხარისხის ცემენტი უფრო მეტია ბაზარზე, რადგან იყიდება ყველაფერი. დღევანდელი ნორმით, ცემენტის აქტივობა 32,5 მპა-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, თუმცა ზოგჯერ ათიც არ არის. როგორც წესი, ასეთი ცემენტი დიდ ობიექტებზე, მრავალსართულიან სახლებში არ ხვდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ცემენტთან მიმართებაში მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება.

–         საქართველოში მშენებლობის ხარისხს როგორ შეაფასებდით თქვენ?

ზოგადად, მშენებელზეა ბევრი რამ დამოკიდებული. არიან სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ცდილობენ  მაქსიმალურად დაიცვან წესები, ბეტონს, არმატურას ამოწმებენ, იციან ბეტონის მოვლა. ზაფხულში, თბილისში მშენებლობა როცა მიდის, როგორც წესი, არმატურა  შენობის ბოლო სართულზეა ღია ცის ქვეშ და 60-70 გრადუსამდე ცხელდება. ელემენტარული რაღაცაა, სანამ ბეტონს დაასხამენ, უნდა გააციონ ეს არმატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბეტონი იბზარება. გამოცდილი მშენებელი ამას ყოველთვის ითვალისწინებს, თუმცა ზოგჯერ იმასაც ამბობენ, რომ ამ გადახურებულ არმატურას თავად ბეტონი გააციებსო, შედეგად კი ბეტონი უსკდებათ, რადგან ტემპერატურული გაფართოების კოეფიციენტი, ბეტონსა და არმატურას დაახლოებით ერთნაირი აქვთ, ამიტომ შეჭიდულობა უზრუნველყოფილია ბეტონის მასასა და არმატურას შორის. როცა ცხელ არმატურაზე ხდება ბეტონის დასხმა, არმატურა იწყებს გაციებას და ხდება მისი შეკუმშვა, იკუმშება ბეტონიც. როცა ეს უკანასკნელი ახალია და გამაგრებული არ არის, მას წინაღობა არ აქვს და სველი ბეტონი სკდება. მართალია, მსგავსი ფაქტები ხშირი არ არის, თუმცა უყურადღებობის გამო ხდება ასეთი შემთხვევებიც.

–         როგორ ფიქრობთ, უნდა კონტროლდებოდეს თუ არა მშენებლობის ხარისხი?

მე რამდენადაც ვიცი, დღეს ობიექტის ხარისხი თავიდან ბოლომდე დამკვეთის პასუხისმგებლობაზეა. საბჭოთა პერიოდში იყო სახელმწიფო კომისია, რომელიც საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ იკრიბებოდა. კომისიაში ყველა სპეციალობის ადამიანი იყო წარმოდგენილი, მათ შორის მეხანძრეები, ელექტრიკოსები და ა.შ. თითოეული სპეციალისტი აწერდა თავის სფეროში ხელს, რომ სახლი მზად არის ექსპლუატაციისთვის. კომისიას წარედგინებოდა ფარული სამუშაოების აქტები, რომლებზეც ხელი უნდა მოეწერა პროექტის ავტორსაც და საქმეთა მწარმოებელსაც, რომ მაგალითად, აქ ჩადებულია ესა და ეს არმატურა და შეესაბამება პროექტს, იყო საავტორო ზედამხედველობა. ახლა ზოგიერთი დამკვეთი საავტორო ზედამხედველობაზე არ ხარჯავს ფულს. მე თუ მკითხავთ, კონტროლი აუცილებელია და დამკვეთიც უნდა იყოს დაინტერესებული ამით, რადგან რაიმე ტიპის ავარია რომ მოხდეს, მარტო მასზე არ გავრცელდეს პასუხისმგებლობა. ამ ბოლო დროს საქართველოში მშენებლობის ხარისხი საკმაოდ  მაღალია. თუმცა, სამშენებლო სექტორი რომ განვითარდეს, მაღალი კლასის მშენებლები გვჭირდება, გვჭირდება ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, მასალების კონტროლი და ტექნოლოგიური რეგლამენტების დაცვა.

სამშენებლო ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები