სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხობა კვლავ გამოწვევად რჩება

Construction News

მაღალსართულიან შენობებს, ელექტროსადგურებს, გზებს, სატელეკომუნიკაციო ქსელებსა თუ სარკინიგზო მაგისტრალებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში,  ამავდროულად მშენებლობის სფერო  ხასიათდება მთელი რიგი სპეციფიკური თავისებურებებით, ისეთი,  როგორიცაა არასტაბილური, დროებითი სამუშაო ადგილები თუ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი სამუშაო გარემო.

მიუხედავად სამშენებლო უსაფრთხოების ნორმებისა და საკანონმდებლო რეგულაციებისა,  სამშენებლო ინდუსტრიაში დასაქმებულთა დაშავებისა და დაღუპვის სტატისტიკა კვლავ შემაშფოთებელია. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის “ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი სამინისტროს” მონაცემებით, ქვეყანაში სამშენებლო სამუშაოებზე დაღუპულთა რიცხვი 2018 წელს წინა წელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა. დიდ ბრიტანეთს არც  ამერიკის შეერთებული შტატები ჩამოუვარდება… შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით 2017 წელს, აშშ-ის კერძო სექტორში მომუშავე 4,674 ადამიანი სამუშაოს შესრულების დროს გარდაიცვალა, გარდაცვლილთა 20.7% სამშენებლო სექტორში იყო დასაქმებული. 2011-2015 წლებში, გზის მშენებლობის დროს აშშ-ში  609 ადამიანი დაიღუპა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ ნიუ-იურკში სამშენებლო სფეროს ფატალურ ინდუსტრიად მოიხსენიებენ, რადგან მშენებლობისას  დაშავებულთა რიცხვი ყოველწლიურად იმატებს. 2017 წელი 671 დაშავებულ ადამიანს ითვლის, 2018 კი 761-ს.

მშენებლობის სექტორი ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია მსოფლიოში. ეკონომიკური განვითარების ფონზე დღითიდღე იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, პარალელურად ფართოვდება მშენებლობის მასშტაბები, ინერგება ახალი ტექნოლოგიები, თუმცა სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხობა კვლავ გამოწვევად რჩება.

სამშენებლო ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები