სამშენებლო ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე ჯარიმები 25-ჯერ და 10-ჯერ გაიზარდა

Construction News

“ნარჩენების მართვის კოდექსში” შეტანილი ცვლილებების თანახმად, სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენით გარემოს დაბინძურებაზე, ფიზიკური პირის მიმართ ჯარიმა 25-ჯერ, ხოლო იურიდიული პირის მიმართ 10-ჯერ გაიზარდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და ჯარიმებიც იწერება, ფიზიკური და იურიდიული პირები ჯარიმას იხდიან და გარემოს დაბინძურებას განაგრძობენ. სწორედ ამიტომ, დედაქალაქის მერიის მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა და ჯარიმების ოდენობა გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები ყოველდღე ჯარიმდებოდნენ, ეს მათთვის წინაღობას არ წარმოადგენდა, რადგან დაბალი იყო ჯარიმების ოდენობა. რაც შეეხება სანქციების ოდენობას, სახიფათო (სამედიცინო) ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 500 ლარის ნაცვლად დაჯარიმდება 5,000 ლარით, იურიდიული  პირი 1,000 ლარის ნაცვლად – 10,000 ლარით, ხოლო სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი 200 ლარის ნაცვლად 5,000 ლარით, იურიდიული პირი კი – 1,500 ლარის ნაცვლად 15,000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება აღსრულებას, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამას ყოველდღიურ რეჟიმში დიდ ყურადღებას მიაქცევენ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები