სამშენებლო კომპანიის მფლობელს ტრეფიკინგის გამო, 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

Construction News

აშშ-ში, კალიფორნიის ჩრდილოეთ ოლქის პროკურატურამ სამშენებლო კომპანიის მფლობელს იძულებითი შრომისა და არალეგალებისთვის თავშესაფრის მიცემის საქმეში ბრალი დაუმტკიცა. ბიზნესმენს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება, ხოლო ჯარიმის სახით 500,000 აშშ დოლარის გადახდა მოუწევს.

ბრალმდებლების თქმით, ტორეს ჰერნანდესი, რომელიც სამშენებლო კომპანიას “Hayward” ხელმძღვანელობდა, თავის ბიზნესს ბოროტად იყენებდა. კერძოდ, მათი ინფორმაციით, ბიზნესმენი მექსიკიდან არალეგალურად ჩამოსულ მუშახელს ქირაობდა და შემდეგ მათ შრომას აღარ ანაზღაურებდა. დადასტურდა ის ფაქტიც, რომ ჰერნანდესი მუშებს რთულ საცხოვრებელ პირობებში ამყოფებდა და მათ უწყვეტ 24-საათიან მუშაობას აიძულებდა.

Constructiondive-ის ინფორმაციით, ტრეფიკინგის ამ ინციდენტის შემდეგ, ადგილობრივ კანონმდებლებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივა აქვთ, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება მკაცრად გაკონტროლდება, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში.

ამერიკის დურგალთა გაერთიანების ცნობით, ფედერალური ხელისუფლება უკანონო ფინანსური მაქინაციების გამო, წელიწადში 2,5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს კარგავს. არაკომერციული ჯგუფის Polaris-ის ინფორმაციით კი, 2017 წელს სხვა 25 ინდუსტრიას შორის, სამშენებლო სექტორში ტრეფიკინგის შემთხვევები ყველაზე ხშირად ხდებოდა.

მსგავსი სტატიები