სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაიწყო

Construction News

“აბაშა – გაღმა კოდორი – გულეისკირი – ჯაპანას” საავტომობილო გზის 1 კმ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც “სამტრედია – გრიგოლეთის” ახალ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს შეუერთდება.

პროექტს, საქართველოს “საავტომობილო გზების დეპარტამენტი” ახორციელებს. ამ ეტაპზე, მიწის ექსკავაციისა და ფრეზირების სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული მონაკვეთის “სამტრედია – ლამჩხუთი – გრიგოლეთის” ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან დაერთება, უზრუნველყოფს არსებული საავტომობილო გზიდან სატრანზიტო მოძრაობის გადართვას, ახლად აშენებული “სამტრედია – გრიგოლეთის” მეორე (სიგრძით 14 კმ) მონაკვეთზე ქ. ლანჩხუთამდე.

რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ნაწილი არ გამოიყენებს ჯაპანას სარკინიგზო გადასასვლელს (რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს საავტომობილო მოძრაობას) და გვერდს აუვლის სოფლებს: ჟაპანა, ქვიანი, ჭყონაგორა, ნიგოითი და ზემო და ქვემო შუხუთის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთებს, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ამ სოფლების მცხოვრებთა ეკოლოგიური, საყოფაცხოვრებო და უსაფრთხოების პირობები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 997,777 ლარია. სამუშაოები  მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება.

ინფორმაციას საქართველოს “საავტომობილო გზების დეპარტამენტი” ავრცელებს.

მსგავსი სტატიები