საბჭოთა რეპრესიების მუზეუმი თბილისში – “ევროპული საქართველო” ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველოს” წევრმა, ელენე ხოშტარიამ თბილისის მერს ტურისტულ საფეხმავლო ზონებში, სპეციალურ ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების დაწერის ინიციატივით მიმართა. ამის შესახებ მან ყოფილი ჩეკას შენობის წინ ბრიფინგზე ისაუბრა.

„მინდა, მივმართო თბილისის მერს, კახა კალაძეს, ერთად ვიზრუნოთ იმაზე, რომ ქალაქში არ იყოს წაშლილი საბჭოთა ტერორის და საბჭოთა რეპრესიების ისტორია. ჩვენ ახლა ვდგავართ იმ შენობასთან, რომელიც გამოიყენებოდა წინასწარი დაკავების იზოლატორად, გაყავდათ ხალხი დასახვრეტად. ამ შენობაში არის შემორჩენილი კვალი, წარწერები კედლებზე და ამასთანავე, ეს შენობა ინგრევა და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ხელს ვერ ახლებენ აქაურობას, რადგან ისტორიული შენობა არის. აუცილებელია, რომ ერთადერთი შემორჩენილი შენობის შესახებ მიღებულ იყოს შესაბამისი გადაწყვეტილება და შემოვინახოთ ის, როგორც საშინელი ისტორიის სიმბოლო და ადგილი”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ქვეყანაში 1921 – 1954 წლებში დაახლოებით, 19,000 ადამიანი დახვრიტეს. ამ ადამიანების და მოვლენების ისტორია პრაქტიკულად დაკარგულია და ინფორმაცია ამ ისტორიულ ადგილებზე არათუ ტურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ აქვთ.

„ასევე გამოვდივარ მეორე ინიციატივით, როგორც ევროპულ ქალაქებში საფეხმავლო ზონებში, სადაც ბევრი ტურისტი დადის ფილებზე, საფეხმავლო ბილიკებზე ამოტვიფრული იყოს სახელები და გვარები დახვრეტილი ადამიანების. მინდა, მივმართო ქალაქის მერს, ბევრი სპეციალისტია, ვინც უკეთ ერკვევა ამ საკითხებში, მათთანაც შეიძლება მუშაობა”.

ელენე ხოშტარიას თქმით, „ეს შენობა მუზეუმად შეიძლება იყოს გაკეთებული”. შესაბამისი განცხადებით ხოშტარია თბილისის მერიას დღესვე მიმართავს.

ინგოროყვას #22 ერთადერთი შემორჩენილი შენობაა, რომლის პირველ სართულს და სარდაფს საბჭოთა პერიოდში წინასწარი დაკავების იზოლატორად იყენებდნენ. ახლა აქ საცხოვრებელი სახლებია განთავსებული.

Ipn.ge

მსგავსი სტატიები