როგორია საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა და განაწილება რეგიონებში

საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 3,716.9 ათას კაცს შეადგინს – აღნიშნული ციფრი  2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობას ასახავს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით ნაკლებია.

დედაქალაქის მოსახლეობა, მთლიანი საქართველოს მოსახლეობის თითქმის მესამედს შეადგენს, ხოლო ქვეყნის საქალაქო დასახლებებში ჯამში ცხოვრობს საქართველოს მოსახლეობის 59%.

რეგიონებს შორის მოსახლეობის სიმრავლით იმერეთის რეგიონი ლიდერობს – 487 ათასი კაცი. ეს რეგიონი მუნიციპალიტეტების სიმრავლითაც გამოირჩევა და ჯამში 12 მუნიციპალიტეტს აერთიანებს.

ყველაზე მცირე მოსახლეობა კი “რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის” რეგიონში ფიქსირდება – 29.1 ათასი კაცი.

რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის ასაკობრივ ჯგუფებს, 19 წლამდე მოსახლეობის წილი, მთელ საქართველოს მოსახლეობაში 25.9%-ს შეადგენს, ხოლო 20 – 59 წლის მოსახლეობის წილი 52.6%, რაც ჯამში 1,956.1 ათასი კაცია. 60 წლიდან ზემოთ მოსახლეობის წილი კი 21.4 პროცენტია.

სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი კი 92.9-ს წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92.9 მამაკაცი მოდის. აქვე აღსანიშნავია, რომ 35 წლამდე ასაკში მამაკაცები ჭარბობენ ქალებს, ხოლო 35 წლის ასაკიდან ქალების რიცხოვნობა აღემატება მამაკაცებისას.

შენიშვნა: რაოდენობა – ათასი კაცი; მონაცემები არ მოიცავს ოკუპირებულ ტერიტორიებს; შესაძლო მცირე განსხვავება საბოლოო შედეგსა და შესაკრებთა ჯამს შორის აიხსნება მონაცემთა დამრგვალებით.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

მსგავსი სტატიები