როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში?

Construction News

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს. კვლევის ფარგლებში, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

26 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში 1.3 -ჯერ. 27, 28, 29 მარტს და პირველ აპრილს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 30 მარტს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქუთაისში -1.5-ჯერ, ხოლო 31 მარტს ისევ ქუთაისში – 1.4-ჯერ. 

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3 – ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1,1 – ჯერ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5 – ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6 – ჯერ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: გლდანის VIII მიკრორაიონი, 115-ე საჯარო სკოლასთან; გლდანის VIII მიკრორაიონი, ლოგოპედიურ ბაგა-ბაღთან N1; გლდანის VIII მიკრორაიონი, N71-ე საჯარო სკოლასთან; გლდანი, ქერჩის ქ.N22, N200 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

მსგავსი სტატიები