როგორია ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში?

Construction News

27 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 და 28 თებერვალს, ასევე პირველ, 2 და 3 მარტს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 4 მარტს ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა მხოლოდ ქუთაისში 1.7-ჯერ, ხოლო 5 მარტს ქუთაისში – 2.6-ჯერ და ბათუმში 1.9-ჯერ.

მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ, ხოლო ბათუმში – უმნიშვნელოდ. ამ დღეების განმავლობაში ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება თბილისში წერეთლის გამზირზე 1.5-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.

თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: წერეთლის გამზირი N108, N24 ბაგა-ბაღთან, წერეთლის გამზირი N88, N155-ე საჯარო სკოლასთან, მირცხულავას ქ. N4, N22-ე საჯარო სკოლასთან, ვარკეთილი-3, II მიკრორაიონი, N78-ე საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

მსგავსი სტატიები