რისკები არ ფასდებოდა – შრომის ინსპექტორი ჭავჭავაძეზე მომხდარ შემთხვევაზე

Construction News

არ ხდებოდა რისკების შეფასება, – ამის შესახებ შრომის ინსპექტორმა, მაია მიქაიამ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სამშენებლო ობიექტზე 2 მუშაკის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ადგილზე მოკვლევა მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დოკუმენტების შესწავლასა და შემსწრე პირთა გამოკითხვას.

„უნდა გავიგოთ, რამდენად ხორციელდებოდა საფრთხეების იდენტიფიცირება, მიმდინარეობდა თუ არა სწავლება, იცოდნენ თუ არა კონკრეტულ შემთხვევაში, როგორ უნდა განეხორციელებინათ სამუშაოები. პირველადი მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებული სურათიდან გამომდინარე, არ ხდებოდა რისკების შეფასება და ამან გამოიწვია კონკრეტული შემთხვევა. უფრო დეტალურად, თუ რა სისტემურმა დარღვევამ გამოიწვია შემთხვევა, მოკვლევის დასრულების შემდეგ გვეცოდინება”, – აღნიშნა მიქაიამ.

შრომის ინსპექტორის ინფორმაციით, პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება შემკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია.

„საქართველოს ორგანული კანონით, შრომის უსაფრთხოების შესახებ პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება შემკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ჰყავს ქვეკონტრაქტორი კომპანია. უსაფრთხოების ნორმები უნდა იყოს შეთანხმებული მათ შორის“, – განაცხადა მაია მიქაიამ.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც კომპანია „ტრანსმშენის“ ქვეკონტრაქტორი კომპანია „ხიმინჯ სერვის 2“ სამშენებლო-გამაგრებით სამუშაოებს ასრულებდა, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად 2 მუშაკი დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სტატიები