რიკოთის საუღელტეხილო გზაზე სამშენებლო სამუშაოებისთვის ჯამში 1,634 მილიონი დაიხარჯება

Construction News

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია საინჟინრო თვალსაზრისით, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

მიმდინარე სამუშაოებს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ.

ამ დროისთვის, სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობა. უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.

ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 902 მილიონ ლარამდეა. რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4 – 4.5 საათში იქნება შესაძლებელი.

რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვისაა
დაგეგმილი.

მსგავსი სტატიები