რენოვაციის პროექტის ფარგლებში “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლება აქტიურ ფაზაში შედის

Construction News

რენოვაციის პროექტის ფარგლებში, ტერიტორიის პირველადი პროექტირება, მოსკოვის 14 უბანში გამოიტანეს საზოგადოებასთან განსახილველად. ჯამში, რუსეთის დედაქალაქის მთავრობის მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებულია რამდენჯერმე უფრო დიდი საცხოვრებლები, ასევე გაუმჯობესებული სატრანსპორტო, გასართობი და სოციალური ინფრასტრუქტურა.

საზოგადოებისთვის წარმოდგენილი 14 პროექტით, მოსკოვის სხვადასხვა რაიონში იგეგმება 415 ძველი აშენებული კორპუსის დემონტაჟი, საერთო ფართობით 1,8 მილიონი კვ.მ, ხოლო მათ ადგილზე, პროექტის მიხედვით (დამტკიცების შემთხვევაში) აშენდება 6 მილიონ კვ.მ-ზე მეტი უძრავი ქონება, მათ შორის თითქმის 5,8 მილიონი კვ.მ იქნება საცხოვრებელი ფართი.

პროექტი “რენოვაცია” ითვალისწინებს ძველი შენობების ადგილზე, ახალი, რამდენჯერმე უფრო დიდი ფართობის საცხოვრებლების მშენებლობას. შენობები, რომელთა დემონტაჟი უნდა მოხდეს, ძირითადად წარმოადგენენ 5 სართულიან “ხრუშჩოვკებს”, ხოლო მეტ ფართობს ახალი შენობა იძლევა მაღალსართულიანობის ხარჯზე – ახალი შენობების სიმაღლემ შესაძლოა 135 მეტრს მიაღწიოს.

აპრილის მდგომარეობით, “ქალაქთმშენებლობის პოლიტიკის დეპარტამენტის” ინფორმაციით, პროექტში ჩართული 59 შენობიდან, 35 შენობის მობინადრეები უკვე გაასახლეს, ხოლო 7 შენობის დემონტაჟი უკვე განხორციელდა.

ანალიტიკოსები აცხადებენ რომ “რენოვაციის” პროექტის გააქტიურების შედეგად, საგრძნობლად არის გაზრდილი სამშენებლო ნებართვების რაოდენობა. ოქტომბერი – აპრილის პერიოდში 149 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რომელთა საცხოვრებელი ფართი ჯამში 2,3 მილიონ კვადრატულ მეტრს შეადგენს, მათ შორის 1,08 მილიონი კვ.მ. არის “რენოვაციის” პროექტის ფარგლებში გაცემული ნებართვა.

2019 წლის პირველ კვარტალში “რენოვაციის” ფარგლებში გაცემულმა ნებართვებმა რეკორდულ მაჩვენებლს მიაღწია – 65,2% ყველა გაცემულ სამშენებლო ნებართვებს შორის.

პროექტი “რენოვაცია” რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დამტკიცდა 2017 წელს. მან მოიცვა დაახლოებით 5,000 შენობა, საცხოვრებელი ფართობით 16,3 მილიონი კვ.მ. სადაც ცხოვრობს დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი.

იმისთვის, რომ ყველა “ხრუშჩოვკის” დემონტაჟი მოხდეს, საჭიროა დაახლოებით 15 წელი და 3,5 ტრილიონი რუბლი.

მსგავსი სტატიები