რა უნდა ვიცოდეთ სრულყოფილი გადახურვის შესახებ

Modern Roofing

როგორც ცნობილია, დაბალფასიან პროდუქციასა თუ მომსახურებაზე, საქართველოში დღეს  დიდი მოთხოვნაა. ხშირად ვამბობთ, რომ ძვირია,  ფასია გადამწყვეტი, რომ უფრო ჩქარა გვინდა, ვადები არ გვაწყობს და ა. შ. თუმცა, როდესაც საკითხი  შენობა-ნაგებობის გადახურვას ეხება, თანხების დაზოგვა, ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და შეკვეთის მცირე ვადებში ჩაბარების მოთხოვნა, შესრულებული სამუშაოს ხარისხს, მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. რას ნიშნავს ხარისხიანი სახურავი, ან რა რისკებზე ვსაუბრობთ? ხშირად გვსმენია – მოგლეჯილი სახურავი, ჩამოვარდნილი კონსტრუქცია, დაზარალებული თუ შემთხვევით გადარჩენილი ადამიანები და ა.შ. აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკებზე და იმ ფუჭ ხარჯებზეც, რაც უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგია – ეგრეთ წოდებული “ორმაგი ხარჯი”, რაც დაბალფასიან არჩევანს, საბოლოო ჯამში, საკმაოდ ძვირად აქცევს.

გარემოს კლიმატური პირობების გათვალისწინება გადახურვის ტიპისა და მასალის შერჩევისას,  უმნიშვნელოვანესია,  რადგან სახურავი იცავს შენობა-ნაგებობას ბუნებრივი მოვლენებისგან და ქმნის შენობის იერსახეს. ასევე მნიშვნელოვანია გადახურვის პროცესში ყველა  ტექნოლოგიური ეტაპის სწორად განსაზღვრა და შემდგომ მისი ხარისხიანად შესრულება.

დიდი გამოცდილება მაღალი კომპეტენციის მაჩვენებელია – სწორედ  ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით მივმართეთ კომპანია “მოდერნრუფინგის” დამფუძნებელს და დირექტორს, რამაზ ღვინეფაძეს, რომელიც  გადახურვის ბიზნესსექტორში 1998 წლიდან ოპერირებს. მის ანგარიშზეა ისეთი მსხვილი და საპასუხისმგებლო პროექტები, როგორებიცაა: პრეზიდენტის რეზიდენცია, საქართველოს პარლამენტი, იუსტიციის სახლები, ეროვნული სტადიონი, ასევე ათეულობით მრავალსართულიანი ობიექტი, ინდივიდუალური სახლი და მრავალი სხვა.

ბატონი რამაზი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ საქართველოს კლიმატურ სარტყელში ყველანაირი ტიპის სახურავის მოწყობა შეიძლება, ეს იქნება გუმბათოვანი, ქანობიანი, ბრტყელი, მწვანე თუ სხვა. მისივე თქმით, პროფესიონალური გადახურვა შესაძლებელია ნებისმიერ სეზონზე – განსხვავება მხოლოდ ღირებულებაში აისახება, რადგან ზამთარში სახურავის მოწყობას  შესაძლოა 2-ჯერ უფრო მეტი ფინანსური დანახარჯი დასჭირდეს, ვიდრე ზაფხულში. შესაბამისად, აპრილიდან დეკემბრის თვემდე საუკეთესო დროა გადახურვისთვის.

გადახურვის ტენდენციას თუ გადავხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძირითადად ქანობიან და ბრტყელ სახურავებს იყენებენ, თუმცა შეინიშნება ახალი ტენდენციაც – “მწვანე გადახურვა”. გადახურვის ეს ტიპი ჩვენს ქვეყანაში დღითიდღე უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება.

განვიხილოთ სახურავის რამდენიმე ტიპი:

ქანობიანი სახურავი – ეს არის სახურავი, რომელსაც გააჩნია დახრა. ის შეიძლება იყოს ერთქანობიანი, ორქანობიანი, სამქანობიანი და მრავალქანობიანი. აქედან ყველაზე პრაქტიკული და გავრცელებული ორქანობიანი სახურავია. ის გამოირჩევა მასალების მინიმალური რაოდენობის საჭიროებით, ასევე კონსტრუქციისა და მონტაჟის სიმარტივით.

ბრტყელი სახურავი – უმნიშვნელო ქანობის, ფაქტობრივად, ჰორიზონტალური სახურავია.  ამ ტიპის სახურავს, უფრო და უფრო მეტად იყენებენ, რაც გამოწვეულია არქიტექტურული სტილების – მოდერნის, მინიმალიზმისა და ჰაი-ტეკის პოპულარობით. მისი პოპულარობა სამშენებლო ბაზარზე მყარი და სანდო ჰიდროსაიზოლაციო მასალების გამოჩენასაც უკავშირდება. მრავალსართულიან შენობაზე სწორედ ბრტყელი გადახურვაა სასურველი, რადგან რაც უფრო მაღალია შენობა, მით მეტია ქარის დაწოლის სიძლიერე, რაც სახურავიდან სხვადასხვა ელემენტების მოგლეჯის რისკებს ზრდის, აღნიშნულ რისკებს კი სწორედ ბრტყელი გადახურვა ამცირებს. ბრტყელი ტიპის სახურავზე, ჰიდროიზოლაციის მექანიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად, სასურველია მოეწყოს დამცავი ფენა, შესაძლებელია დაიგოს სასიარულო ფილები, გაკეთდეს ბეტონის მჭიმი – „სტიაშკა“, ასევე შესაძლებელია სხვადასხვა სახის მასალებით მოპირკეთება. თანამედროვე არქიტექტურაში ბრტყელ სახურავებს მრავალი მიზნობრივი დატვირთვით იყენებენ. აქ შესაძლებელია განთავსდეს დასასვენებელი და გასართობი სივრცე, სპორტული მოედანი, საცურაო აუზი და სხვა.

მწვანე სახურავი – გადახურვის სისტემაში ეს ერთ–ერთი ალტერნატივაა, რომელმაც პოპულარულობა ბოლო წლებში მოიპოვა. იგი წვიმის წყლის დიდ რაოდენობას შეიწოვს, დათბუნებისა და ხმის იზოლაციის კარგი ეფექტი აქვს, ესთეტიკურია და ადამიანების განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

მწვანე სახურავის მოწყობას, ტრადიციულთან შედერებით გაცილებით მეტი ფინანსური ხარჯი აქვს. მისი მოწყობისას არაერთი ელემენტის გათვალისწინებაა საჭირო: დრენაჟი, ფილტრაცია, შემდეგში მცენარეების მოვლა-პატრონობა და ა.შ.

საქართველოში ხელოვნური “მწვანე გადახურვის” მაგალითად შეგვიძლია საქართველოს პარლამენტის შენობა განვიხილოთ. მწვანე ხალიჩა ჩვენ იქ 7,000 კვადრატულ მეტრზე დავამონტაჟეთ. ჩვენს პროექტებს მიეკუთვნება აგრეთვე თბილისის ფრანგული ლიცეუმი და მარნეულის იუსტიციის სახლში მდებარე საცავის მწვანე გადახურვა. ერთ-ერთ კერძო სახლზე კი, ჰოლანდიური ფირმის სპეციალური მასალებით 4,000 კვადრატულ მეტრზე მოვაწყვეთ მწვანე სახურავი. გადახურვის სფეროში ტექნიკური პერსონალის არაპროფესიონალიზმი, იაფფასიანი და უკონდიციო მასალების გამოყენება, სამუშაოების ნაჩქარევი და უხარისხო შესრულება, გადახურვის დეფექტებს იწვევს, რის გამოც, გაკეთებული საქმე ხელახლა გასაკეთებელი ხდება. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ „მოდერნრუფინგის“ არსებობის განმავლობაში კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების 30% სწორედ ასეთი ტიპის გადახურვაზე მოდის, ანუ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს გამოსწორებასა და ხელახლა გადახურვაზე. ყველა ეძებს იაფიან და მარტივ გადაწყვეტას, რაც არ არის სწორი. პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, განსაკუთრებით იქ, სადაც ტექნიკურად საფრთხილო გადასახურია და გამოცდილი სპეციალისტია საჭირო, იაფფასიანი და მარტივი გადაწყვეტილებები მიიღება, რაც მომავალში დიდ პრობლემებს წარმოშობს. სამუშაო ციკლს აქვს თავისი დრო და ეტაპები. არაგონივრულ ვადაში შესრულებული გადახურვა, საბოლოო ჯამში უხარისხოა. ამიტომ, ყველა ელემენტი თავიდან უნდა დაიგეგმოს, რაც ქართულ მშენებლობაში, სამწუხაროდ, იშვიათი მიდგომაა – აცხადებს ღვინეფაძე.

გადახურვის სისტემის ყველა მაკომპლექტებელი ნაწილის ურთიერთშერწყმა ქმნის სრულყოფილ, გამძლე და ტექნოლოგიურად უსაფრთხო გადახურვას.

სახურავის კომპლექსურად მოწყობა არის:

  • თბოიზოლაცია
  • ჰიდროიზოლაცია
  • ორთქლიზოლაცია

სრულფასოვანი გადახურვა ზრდის შენობის ენერგოეფექტურობას და ხელს უწყობს გარემოს ეკოლოგიურ გაჯანსაღებას, რაც თანამედროვე მშენებლობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შენობა-ნაგებობის ძირითადი დანიშნულებაა, საზოგადოების ყოფა-ცხოვრებას მრავალი წელი ემსახუროს, გადახურვა კი ნაგებობის ხარისხიანი ექსპლუატაციისთვის უმნიშვნელოვანესია.

უნდა გავითვალისწინოთ სამი მთავარი ფაქტორი:

  • მასალა – შეარჩიეთ ხარისხიანი მასალა;
  • შესრულების ხარისხი – შეარჩიეთ პროფესიონალები და დარგის სპეციალისტები;
  • დრო – დაიცავით ვადები, ნუ იჩქარებთ;

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადახურვის სამუშაოს შესრულების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია სეზონი – მშრალი ამინდი გადახურვისთვის საუკეთესო დროა.

დაგეგმეთ მშენებლობა გონივრულად, გაითვალისწინეთ სეზონურობა. ის, რასაც აშენებთ დღეს და  რასაც ბიზნესისთვის მოკლე ვადაში მოაქვს სარგებელი, უნდა ემსახუროს ადამიანებს ათწლეულების განმავლობაში და თაობებს  ცხოვრება გაუუმჯობესოს.

ჟურნალი “Construction Solutions”

მსგავსი სტატიები