პრიცკერის პრესტიჟული არქიტექტურული პრემიის 2019 წლის გამარჯვებული გამოვლინდა

Construction News

პრიცკერის პრესტიჟული პრემიის მფლობელი წელს იაპონელი არქიტექტორი, არატა ისოძაკი გახდა. პრემიას, მისი დიდი აღიარების გამო, “არქიტექტორების ნობელის ჯილდოსაც” უწოდებენ.

კონკურსის 7 წევრისგან შემდგარი ჟიურის თქმით, 87 წლის ისოძაკის პრემია ორიგინალური ხედვისა და არქიტექტურაში მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის გამო მიანიჭეს.

ისოძაკის 60-წლიანი კარიერა 100-ზე მეტ დასრულებულ შენობას ითვლის აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, შუა აღმოსავლეთისა და ავსტრალიის მასშტაბით. მისი ყველაზე ცნობილი შენობებია “მინოს კერამიკის პარკი” და “მიტოს ხელოვნების კოშკი” იაპონიაში, პარაოლიმპიური სპორტული მოედანი და “ალიანსის კოშკი” იტალიაში, ყატარის ეროვნული ყრილობის ცენტრი და შანხაის სიმფონიური დარბაზი. თუმცა გარდამტეხი მისი შემოქმედებიდან, რამაც საბოლოოდ „არქიტექტორების ნობელის პრემიამდე“ მიიყვანა, ლოს-ანჯელესის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის შენობაა.

ისოძაკის შთაგონების წყარო ხშირად ხდებოდა ბუდისტური ტაძრები, სამშენებლო მასალად კი ძირითადად  აგურს, ფილას, თუთიასა და ტრავერტინს იყენებდა.

ისოძაკის ადრეული არქიტექტურული წარმატებები იაპონიაში დაიწყო, როცა ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებიდან ცდილობდა ამოსვლას. ახალგაზრდა არქიტექტორი მაშინ ყველაზე აქტიურად ჩაერთო იაპონიის ხელახალი მშენებლობების პროცესში.

პრიცკერის არქიტექტურული პრემიის გამარჯვებულები ტრადიციულად დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ. თუმცა ისოძაკმა ეს ტრადიცია დაარღვია და ის მეშვიდე აზიელი არქიტექტორია, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში პრესტიჟული პრემიის მფლობელი გახდა. პრიცკერის არქიტექტურული პრემია 1979 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა ამერიკული ფონდის”ჰაიატის” მიერ. მსოფლიოში უპირველესი არქიტექტურული პრემიის გამარჯვებული ჯილდოდ 100,000 ამერიკულ დოლარს იღებს.

მსგავსი სტატიები