პრემიერი: მწვანე ეკონომიკა საქართველოს უპირატესობა არის

Construction News

მწვანე ეკონომიკა ყველაზე დიდი უპირატესობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ბუნებრივია, ამას გამოყენება სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალ „ეკონომისტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა იმ ძირითად კომპონენტებზე ისაუბრა, რომლებსაც მწვანე პოლიტიკა ეყრდნობა.

„პირველი შეეხება ჩვენი ტყის რესურსის მართვას. ჩვენ უმძიმესი პერიოდი გავიარეთ, როდესაც არაადამიანური მეთოდებით ხდებოდა ტყის გაჩეხვა საქართველოში. შვეიცარიელი და ავსტრიელი პარტნიორების დახმარებით შემუშავებული სოფლის მეურნეობის სტრატეგია, მათ შორის ტყის რესურსის მართვის კუთხით, ძალიან გამართული დოკუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მწვანე საფარის მდგრად განვითარებასა და ძალიან დიდი ეკონომიკური ეფექტის მიღებას, მართვის ამ მოდელისგან.  ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ავსტრიის წარმატება, რომელიც ტყის მართვის ამ მოდელზე გადავიდა და ეკონომიკამ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს დამატებითი შემოსავალი მიიღო. შესაბამისად, არ ვფიქრობ, რომ ახალი ველოსიპედი უნდა გამოვიგონოთ. ჩვენ ბუნებამ მოგვცა ეს სიმდიდრე, მას სჭირდება მდგრადი განვითარება და ეკონომიკის სამსახურში ჩაყენება, ისე, რომ ეს შევუნარჩუნოთ მომავალ თაობას და საქართველო მსოფლიო რუკაზე გამოკვეთილად იყოს ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ეკონომიკის ქვეყანა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მეორე მიმართულებად პრემიერ-მინისტრმა ტრანსპორტი დაასახელა და აღნიშნა, რომ ცენტრალური მთავრობა ამ კუთხით თბილისის მუნიციპალიტეტს მაქსიმალურად ეხმარება.

„წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსები მოშორდება ქალაქს. მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გადავდივართ მათ შორის ელექტროტრანსპორტზე. მინდა, აქცენტი გავაკეთო ელექტრომობილების პერსპექტივაზე საქართველოში. ჩვენ გვსურს მსხვილი მწარმოებელი კომპანიის შემოყვანა, რადგან იმ გარემოთი, რომელსაც შევქმნით, აუცილებლად იქნება ბაზარზე ისეთ მოთხოვნა, რომ შესაძლებელი იქნება ელექტრომობილების საქართველოში აწყობა“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მსგავსი სტატიები