საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის 70 მილიონიანი პროგრამის განხორციელება იწყება

Construction News

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის პროგრამის წარდგენის დროს განაცხადა.

“ჩვენი განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობისა და მრავალფეროვანი კლიმატური პირობების გამო, საქართველოს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს კლიმატური ცვლილებებისა და მათგან მომდინარე საფრთხეებისგან. შესაბამისად, საქართველო დგამს ნაბიჯებს, რათა კლიმატური რისკები და მათგან დაცულობის უზრუნველყოფა გათვალისწინებული იყოს განვითარების დაგეგმარებასა და განხორციელებაში.

ამ კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ოფიციალურად ვხსნით კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას, რათა უკეთ შევძლოთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებთან გამკლავება. კლიმატის ცვლილება დღითიდღე სულ უფრო ინტენსიურად იჭრება ჩვენს ყოველდღიურობაში და არღვევს ჩვეულ რიტმს. შესაბამისად, კლიმატის ცვლილებასთან გამკლავების პოლიტიკა არსებულ გამოწვევებს უნდა პასუხობდეს.

ჩვენს სამთავრობო პროგრამაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გვაქვს წარმოდგენილი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შესამცირებლად დაკვირვების ქსელის გაფართოება, მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება და ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემის დანერგვა. შესაბამისად, დღეს წარმოდგენილი პროექტი უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯია სწორედ ამ მიზნის მისაღწევად. ამ ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელებით საქართველოს უკვე მიეცემა კლიმატური ინფორმაციის ანალიზისა და ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზის შესაძლებლობა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის პროგრამის განხორციელება მინიმუმამდე დაიყვანს ბუნებრივი კატასტროფების გარდაუვალობას.

„შეიქმნება ინფრასტრუქტურა, რომელიც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი მოვლენებით, სტიქიებით გამოწვეული კატასტროფები, დავიცვათ ათასობით ადამიანი მაღალი რისკის რეგიონებში, მათ შორის, მაღალ მთაში და მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, შევამციროთ ეკონომიკური ზარალი. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ პროგრამა, რომლის მიზანია შეამციროს კლიმატის ცვლილების გავლენა, პირდაპირ ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების ეროვნული მიზნების მიღწევას.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, 2017 წლიდან ჩვენი ქვეყნისთვის ძალაში შევიდა პარიზის შეთანხმება, რითაც შევუერთდით გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებით. ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მთავრობა აქტიურად მუშაობს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შევძლებთ ჩვენს მოსახლეობას დავეხმაროთ და შევამციროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი”, – აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მიზანია საქართველოს მოსახლეობის დაცვა კლიმატის ცვლილებით განპირობებული ბუნებრივი კატასტროფებისაგან. პროგრამის დაფინანსებაში გაერთიანებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) გრანტი – 27 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოს მთავრობის წვლილი – 38 მილიონი აშშ დოლარი და შვეიცარიის მთავრობის გრანტი – 5 მილიონი აშშ დოლარი. პროგრამა შესრულდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ხოლო მას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სხვა სამთავრობო უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელებს.

მსგავსი სტატიები