პრეზიდენტის ყოფილ სასახლეს სახელი შეეცვალა და ახალი ფუნქცია განესაზღვრა

Construction News

პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე, პრეზიდენტის ყოფილ სასახლეს სახელი შეეცვალა და მისთვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა – ამიერიდან ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლე უმასპინძლებს ყველა მაღალი რანგის ვიზიტს, შეხვედრას თუ მასშტაბურ მიღებებს.

“ავლაბრის ყოფილი რეზიდენციისთვის განისაზღვრა ახალი ფუნქცია და შესაბამისად, სახელწოდებაც. დღეიდან სასახლეს ეწოდება „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე” და ის უმასპინძლებს ყველა მაღალი რანგის ვიზიტსა თუ შეხვედრას, მასშტაბურ მიღებებს. შეთანხმება მოხდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს შორის. ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში მუშაობს შესაბამისი კომისია კონკრეტულ კონცეფციაზე. აქ დგას ორი შენობა. ერთი იქნება “სახელმწიფო ცერემონიების სასახლე”, ხოლო ადმინისტრაციული შენობისთვის მუშავდება კონცეფცია და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ იქნება კულტურული ცენტრი”, – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

ცნობისთვის, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის ყოფილი სასახლე 2004-2009 წლებში არქიტექტორ გიორგი ბათიაშვილის პროექტის საფუძველზე აშენდა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. სასახლე საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია იყო და მასში პრეზიდენტი ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. 2018 წლის ბოლოდან კი პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში გადავიდა.

მსგავსი სტატიები