საქართველოში პირველი რეგიონული ნაგავსაყრელი აშენდება

Construction News

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და ფრანგულ-სლოვენიურ კონსორციუმ „სადე-რიკოს“ (Sade-Rico) შორის დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ევროსტანდარტების შესაბამისი პირველი რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობის დაწყების შესახებ.

რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისთან ახლოს, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. ობიექტი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის 700,000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. პროექტი ასევე ითვალისწინებს ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას.

პროექტი ხორციელდება ქართულ-გერმანული მხარეების ფინანსური თანამშრომლობით. ადგილობრივ კონტრიბუციასთან ერთად, პროექტის დონორები არიან: გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF გრანტი. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა.  

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. 2013 წლიდან დღემდე კომპანიის მფლობელობაში არსებული 54 ნაგავსაყრელიდან კეთილმოეწყო და შესაბამისობაში მოვიდა 31, ხოლო სტანდარტების შესაბამისად დაიხურა 23 ნაგავსაყრელი, ასევე მოეწყო ნარჩენების გადამტვირთი 5 სადგური.

მსგავსი სტატიები