პირველი ივლისიდან თბილისის მეტრო 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს

Construction News

ელექტროუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, თბილისის „მეტროპოლიტენი“ 06:00-დან 23:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რამდენიმე განახლებული შემადგენლობა კი მგზავრებს უკვე ემსახურება.

“გვაქვს მძიმე მდგომარეობა ელექტროგაყვანილობის თვალსაზრისით. აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით, გამოყოფილია 16 მილიონი დოლარი, რომელიც ძალოვანი კაბელების ჩანაცვლებასა და მთლიან რეაბილიტაციას მოხმარდება. პროექტის განხორციელების შედეგად,  დაახლოებით, 450 კმ ძალოვანი კაბელი შეიცვლება, ახალი, თანამედროვე ISO-ს სტანდარტის კაბელებით. ასევე, პროექტის ფარგლებში, 28 საგვირაბე გამნიავებლის და 32 ახალი, ევროპული სტანდარტის ვენტილატორის მონტაჟი მოხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პირველი ივლისიდან ახალი კაბელების საინსტალაციო სამუშაოები დაიწყება. სწორედ ამის გამო, მეტრო მუშაობის განრიგს ერთი საათით შეამცირებს. შეგახსენებთ, რომ მეტროს სტანდარტული განგრიგის მიხედვით ტრანსპორტი 06:00-დან 24:00-მდე მუშაობს.

მსგავსი სტატიები