“ოლიმპიური ვარსკვლავის” შეჩერებული ობიექტის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება

Construction News

დეველოპერული კომპანია “m2 უძრავი ქონება” სამშენებლო კომპანია “ოლიმპიური ვარსკვლავის” შეჩერებული ობიექტის მშენებლობას დაასრულებს – თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და “m2 უძრავ ქონებას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან და “m2“-ის გენერალურ დირექტორ შოთა ბერეკაშვილთან ერთად დაესწრო.

როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა მერიაში, პირობა მივეცით მოსახლეობას, რომ მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა ექნებოდა ჩვენი მხრიდან იმ ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მიერ არიან დაზარალებული.  პირველი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ, იყო სამშენებლო კომპანია “სვეტის” მიერ დაზარალებული ოჯახები, ეს კი მეორე ასეთი პროექტია, რომლის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართებით 400-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ძალიან მიხარია, ბედნიერი ვარ და ვიზიარებ ამ ადამიანების სიხარულს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით, გვაქვს შემდეგი გამოწვევები: “ცენტრ პოინტს” 6,000-ზე მეტი ოჯახი ყავს დაზარალებული და ეს პრობლემა ათეულობით წელია არსებობს. დარწმუნებული ვარ, ამ პროექტსაც ბოლომდე მივიყვანთ და ყველა ოჯახს გავაბედნიერებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ. 

12-წლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი საკუთარ საცხოვრებელ ფართს მიიღებს. “m2” მზადაა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობის შესრულებისთანავე შეუდგეს სამშენებლო სამუშაოებს, კერძოდ: მშენებლობა, კორექტირებული პროექტის შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვის მიღების შემდეგ დაიწყება და სამი წლის ვადაში განხორციელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ “m2 ჯგუფსა” და თბილისის მერიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, “m2“-მა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე სამშენებლო კომპანია “სვეტის” შეჩერებული პროექტებიც გადაიბარა. მირცხულავას ქუჩაზე სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250,000,000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება “m2 ჯგუფის” მიერ .

მსგავსი სტატიები