ნოტრ-დამში ხანძარი ლიკვიდირებულია – გადარჩენილია ტაძრის ძირითადი სტრუქტურა

Construction News

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში გაჩენილ ხანძარს 9 საათის განმავლობაში ებრძოდნენ. შემთხვევის შედეგად 850 წლის გოთიკური ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჯვრის ფორმის გუმბათი და მასზე აღმართული ერთ-ერთი შპილი განადგურდა. ხანძარი არ შეხებია ტაძრის წინა, დასავლეთ ნაწილში მდებარე მრგვალ სარკმელს – ვარდულს და ორ მთავარ კოშკს.

ადგილზე მომუშავე 400-მდე მაშველი-მეხანძრიდან ერთ-ერთი დაშავდა და მსუბუქი დაზიანება მიიღო. ამ ეტაპზე ცეცხლი ლიკვიდირებულია.

მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული. სავარაუდოდ, ხანძარი ტაძარში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებმა გამოიწვია.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ტაძარში გაჩენილ ხანძარს საშინელ ტრაგედიად აფასებს: „ეს ჩვენი ისტორიაა და ის იწვის. ჩვენ ყველანი ერთად აღვადგენთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს“, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

ნოტრ-დამის აღდგენისთვის თანხის შეგროვება საფრანგეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდმა დაიწყო. შეიქმნა სპეციალური განყოფილება “გადავარჩინოთ ღვთისმშობლის ტაძარი”, სადაც მსურველებს 50-დან 500 ევრომდე თანხის გაღება შეუძლიათ. ამასთანავე, ფრანგმა ბიზნესმენმა, ფრანკოს-ჰენრი პინაულტიმ ტაძრის სარესტავრაციოდ 113 მილიონი აშშ დოლარი უკვე გამოყო. გარდა ამისა, ფინანსურ დახმარებაზე მზაობას იაპონიის მთავრობაც გამოთქვამს.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გადარჩენილი და განადგურებული ნაწილები

მსგავსი სტატიები