ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობა 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

Construction News

თბილისში, ნანეიშვილის ქუჩის მოსახლეობა მათი საცხოვრებალი კორპუსის გვერდით მშენებლობის დაწყებას აპროტესტებს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სახლის შეძენის დროს მათ უთხრეს, რომ ადგილზე სკვერი უნდა გაშენებულიყო, თუმცა ტერიტორიაზე სკვერის ნაცვლად 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

“ყველას გვითხრეს, რომ აქ სკვერი იქნებოდა. აქ კორპუსი რომ ყოფილიყო, არც მე ვიყიდიდი ბინას და არც სხვები”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ადვოკატის თქმით კი, მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, რადგან არ არსებობს გეოლოგიური დასკვნა.

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, ტერიტორიაზე სკვერის მშენებლობა დაგეგმილი არ იყო.

“ნებართვა არის გაცემული 3 კორპუსზე, არანაირი სკვერი მანდ არ უნდა ყოფილიყო. იქ უნდა ყოფილიყო ზუსტად იგივე შენობა, რაც შენდება ოღონდ სხვა ფუნქციით, კომერციული ფართებით დატვირთული. ერთადერთი რაც გააკეთა მშენებელმა, ფუნქცია შეუცვალა შენობას და საცხოვრებელი გახდა”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ადგილზე დღეს გლდანის გამგეობის წარმომადგენელიც იმყოფებოდა, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე მშენებლობა ორშაბათამდე შეჩერდება. კვირის დასაწყისში კი ადვოკატები და მოსახლეობა გლდანის გამგებელს შეხვდებიან.

მსგავსი სტატიები