ნათია თურნავა: უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით მომხმარებლის უზრუნველყოფა

Construction News

უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით ჩვენი მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება, თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ღონისძიებაზე ნათია თურნავამ ვრცელი მოხსენება გააკეთა და ისაუბრა იმ გამოწვევებსა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე, რომლებიც აქტუალურია საქართველოში ენერგეტიკულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ის მთავრობისა და USAID-ის ენერგეტიკის განვითარების პროგრამის დახმარებით ვმსჯელობთ ძალიან აქტუალურ თემაზე – ეს არის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ამ თვალსაზრისით გვაქვს ტრადიციული და ახალი გამოწვევები, რასაც ვუმკლავდებით. ტრადიციული გამოწვევები დაკავშირებულია რეგიონულ გამოწვევებთან, გეოპოლიტიკასთან, ხოლო რაც შეეხება ახალ გამოწვევებს, ეს არის მზარდი მოთხოვნის პირობებში საკუთარი რესურსით ჩვენი ელექტროენერგიის მოხმარების უზრუნველყოფა იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ჰიდროელექტროსადგურების განვითარების მიმართ“ – აღნიშნა თურნავამ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის სტრატეგია მაქსიმალურად აწყობილია ორ პრიორიტეტზე – ეს არის ბაზრის მეტი გახსნილობა, რეგიონში, ინტეგრაცია და ვაჭრობის და ტრანზიტის მეტი შესაძლებლობა, იმავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი კვლავაც კეთდება საკუთარი რესურსების განვითარებაზე, მათ შორის არის წყლის, ქარისა თუ მზის რესურსები.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ორი ასპექტი ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩვენ უნდა შეგვეძლოს საკუთარი რესურსებით მომხმარებლის უზრუნველყოფა და გვქონდეს საშუალება თავისუფლად ვივაჭროთ რეგიონში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენცია სახელწოდებით  „კავკასიის რეგიონის ენერგეტიკულ უსაფრთხოება, ენერგეტიკული ბაზრის გახსნის პირობებში“ USAID ენერგეტიკის პროგრამის, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა. 

მსგავსი სტატიები