მწვანე არქიტექტურა ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ

Construction News

ეკოლოგიური, იგივე “მწვანე მშენებლობა” გაცილებით ფართო და ტევადი ცნებაა, ვიდრე მხოლოდ შენობებთან და შენობებზე გამწვანების მოწყობა.

რა კრიტერიუმებით ხდება შენობის შეფასება, რათა იგი მწვანე შენობად ჩაითვალოს?

უსაფრთხოება და ხარისხი – გარემოსდაცვის პასუხისმგებლობით, ენერგოეფექტურ, გამძლე, ჯანსაღ, მოხერხებულ და რესურსების დამზოგ შენობაში, გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც წყლისა და ენერგიის ხარისხისა თუ მოხმარების მაჩვენებლები,ასევე მის მშენებლობაში გამოყენებული მასალების ხარისხი, შენობის მდებარეობა და რა თქმა უნდა, ჰაერისა და გარემოს ხარისხი შენობაში.

განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტურობა – მწვანე შენობა  გულისხმობს განახლებადი ენერგიის გამოყენებას და ენერგოეფეტურობის მაღალ მაჩვენებელს.

სწორი პროექტირება და ლანდშაფტი – შენობის პროექტირების ეტაპიდანვე აუცილებელია  მოხდეს ორიენტირება ბუნებრივ სინათლეზე და ამით შემცირდეს მოთხოვნილება ხელოვნურ განათებაზე. ბუნებრივი ვენტილირებისთვის უნდა გამოიყენებოდეს გაბატონებული ადგილობრივი ქარები და ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს დაცვა ზაფხულის მზისგან (მაჩრდილობლები, მწვანე ნარგავები), გამოყენებული უნდა იქნეს ორმაგი მინა-პაკეტის ფანჯრები, მზის სხივების ამრეკლი ან მწვანე სახურავები, რათა მაქსიმალურად შემცირდეს მზის გამოსხივების შთანთქმა. შენობა  უნდა უზრუნველყოფდეს “სითბური კუნძულების” ეფექტის შემცირებას, რისთვისაც გამოიყენება მცენარეების ისეთი სახეობები, რომლებიც ნაკლებად საჭიროებენ მორწყვას.

წყლის რესურსების დაზოგვა – ერთ-ერთი აუცილებელი პირობა მწვანე შენობის უზრუნველსაყოფად, წყლის ეკონომიური მოხმარებაა.

დათბუნება – შენობის კედლები და სხვა კონსტრუქციები უნდა დაითბუნოს არატოქსიკური მასალებით ისე, რომ მაქსიმალურად გაიზარდოს შენობის თბოიზოლაციური მახასიათებლები, როგორც სიცივისას, ისევე სიცხეში.

შიდა გარემოს ხარისხი – ჰაერის უკეთეს ხარისხს მწვანე შენობაში უზურნველყოფს ბუნებრივი განათება, რომელიც შენობის არანაკლებ 75%-ს უნდა მოიცავდეს. ასევე აუცილებელია შენობის უზრუნველყოფა ბუნებრივი ვენტილირებით და სუფთა ჰაერის ნაკადებით. აუცილებელია, აგრეთვე გათბობა-კონდიცირება-ვენტილირების სისტემების აღჭურვა სათანადო ფილტრებით.

სამშენებლო მასალები – მწვანე საცხოვრისის მშენებლობასა და მოპირკეთებაში გამოიყენება არატოქსიკური მასალები, მაგალითად: არაარომატული საღებავები, გამხსნელები, იატაკის თბოიზოლაცია ბუნებრივი მასალებით, ხის მასალა და ა.შ.

კარგად  გააზრებული ეკოლოგიური მშენებლობის შედეგი ასეთია:

  • პროდუქტიულობის ზრდა და ნაკლები ენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების დანახარჯი;
  • მობინადრეთა და საზოგადოების უკეთესი ჯანმრთელობა;
  • შემცირებული უარყოფითი გავლენა გარემოზე.

ეკოლოგიური მშენებლობა  შენობის კონსტრუქციასა და გარემოს შორის ესთეტიური ჰარმონიის მიღწევის საშუალებას იძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შენობები გარეგნობითა და სტილით სხვა ნაკლებად ეკოლოგიური შენობებისგან დიდად არ გამოირჩევა.

თუ წლების წინ ეკოლოგიურად ეფექტური არქიტექტურის კონცეფცია საერთაშორისო ბაზარზე უმნიშვნელო ადგილს იკავებდა და მხოლოდ რამდენიმე მიმდევარი ჰყავდა, დღეს სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიები ყველაზე ეკოლოგიური მშენებლის სტატუსის მოსაპოვებლად, ერთმანეთს ასპარეზობაშიც კი იწვევენ.

წარმოგიდგენთ რამდენიმე ყველაზე „მწვანე შენობას” მსოფლიოში:

1. ამერიკის ბანკი, ნიუ-იორკი – ეს 54-სართულიანი შენობა, რომელიც ნიუ-იორკში სიმაღლით მე-2 ადგილზეა, ისეა დაპროექტებული, რომ მაქსიმალურად მოიხმარს ბუნებრივ განათებას. შენობაში დამონტაჟებულია ელექტრომოწყობილობა, რომელსაც 4,6 მეგავატი ელექტროენერგიის წარმოქმნა შეუძლია. სახურავზე დამონტაჟებულია სპეციალური რეზერვუარები, სადაც წვიმის წყალი გროვდება და მეორადად გამოიყენება. სამშენებლო მასალები დამზადებულია განახლებადი რესურსისგან და მეტალურგიული ინდუსტრიის გადამუშავებული ბეტონისა და წიდისგან. შენობა აღჭურვილია გადამცემი მოწყობილობებით, რომლებიც ჰაერში ნახშიროჟანგის დონეს აკონტროლებენ და როგორც კი მისი შემცველობა კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდება, ავტომატურად ააქტიურებს შენობაში სუფთა ჰაერის შემოდინების პროცესს. შესაბამისად, ამერიკის ბანკი დამსახურებულად ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე „მწვანე შენობად”.

.2. შენობა CH2, მელბურნი – ავსტრალიაში, კერძოდ, მელბურნის ცენტრში დგას შენობაCH2, რომელიც გაეროს მიერ აღიარებულ იქნა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ნაგებობად. შენობაში დამონტაჟებულია ქარის ტურბინები, მზის პანელები, წყალსატევი და ჰაერის გამწმენდი მოწყობილობები, სახურავზე გაშენებულია პატარა მწვანე ოაზისი. მოკლედ, CH2-ს გააჩნია ყველა ის პირობა, რაც აუცილებელია ეკოლოგიური შენობის სტატუსის მისანიჭებლად.

3. ცათამბჯენი COR, მაიამი – ამ ცათამბჯენს მწვანე შენობისთვის საჭირო ყველა ატრიბუტი გააჩნია: ფოტოელემენტები, ქარის ტურბინები, ბუნებრივი გაგრილების სისტემა, მზის ენერგიის მაქსიმალური გამოყენება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შენობა ვიზუალურადაც განსხვავდება სხვა შენობებისგან და ნამდვილი ხელოვნების ნიმუშივით გამოიყურება.

4. ენერგოკოშკი, დუბაი – ამ შენობას თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მწვანე არქიტექტურის საოცრება. იგი წარმოადგენს ეკოლოგიურ შენობას, რომელიც ნულოვანი ემისიით მოიხმარს მზისა და ქარის ენერგიებს. შენობაში დამონტაჟებულია განსაკუთრებული კონდიცირების სისტემა, რომელიც გარედან იღებს ჰაერს და ზღვის წყლის მეშვეობით აგრილებს მას.

5. ანტილია, მუმბაი – ეს ყველაზე მაღალი ეკოლოგიური სახლია მსოფლიოში. იგი ერთ-ერთმა ინდოელმა ბიზნესმენმა ააშენა. შენობა სულ რაღაც 27-სართულიანია, თუმცა მისი სიმაღლე 173 მეტრს აღწევს და ამ სიმაღლით დაახლოებით 60-სართულიან შენობას უტოლდება. მშენებლობისას გამოიყენებოდა ყველა ის ინოვაციური ტექნოლოგია, რაც აუცილებელია ეკოლოგიური შენობის ასაგებად.

6. Masdar City, აბუ-დაბი  მასდარი ახალი სიტყვაა ეკოლოგიურ არქიტექტურაში. ეს არის ქალაქი-ოცნება უდაბნოში, სადაც ყველაზე თანამედროვე ტექნიკა ორგანულად ერწყმის ბუნებას. Masdar City-ს გააჩნია ორიგინალური არქიტექტურა, აღჭურვილია საინტერესო ენერგეტიკული სისტემებით, მოძრაობს ტურისტული ტრანსპორტი. მთელი ქალაქი გადახურულია აჟურული კონსტრუქციით, რომელიც ქუჩებზე და მოედნებზე ულამაზეს ჩრდილს ქმნის და ქალაქს უჩვეულო მყუდროებას ანიჭებს.

7. Palazzo Italia, მილანი – ეს ეკოლოგიური მასალებისგან აშენებული უნიკალური შენობაა, რომელიც ჰაერს თავადვე ასუფთავებს. შენობა დაფარულია პანელებისგან, რომელიც სპეციალური მასალისგანაა დამზადებული და რომლის მთავარ ამოცანას მტვრისა და მავნე ნივთიერებებისგან ჰაერის გაწმენდა წარმოადგენს.

მსგავსი სტატიები