მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე გუნდი ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინეს

Construction News

მცხეთის მოსახლეობას ქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ამხანაგობა „აქოლისი“ და მასში გაერთიანებული 8 დარგობრივი კომპანია წარუდგინეს.

“სივრცითი მოწყობის ნებისმიერი პროექტის შემუშავებისთის აუცილებელია გავიგოთ მოსახლეობის საჭიროებები და დღეს დავიწყეთ ეს პროცესი, საბოლოო მიზანი კი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაა“, – განაცხადა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.

ამხანაგობა „აქოლისმა“, რომელიც მულტიდისციპლინარული ჯგუფია და დარგობრივი სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ 8 საპროექტო კომპანიას აერთიანებს, გაიმარჯვა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქალაქ მცხეთის გენგეგმის შემუშავებისათვის გამოცხადებულ კონკურსში.

საკონკურსო მოთხოვნები შემუშავდა ქართველი სპეციალისტებისა და UNESCO-ს წარმომადგენლების მონაწილეობით. მათ მიერ დადგენილმა სტანდარტებმა და ამოცანებმა, პროექტის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სხვადასხვა გამოცდილების, კომპეტენციისა და სპეციფიკის სპეციალისტების ჩართვის აუცილებლობა განაპირობა.

ამხანაგობა „აქოლისთან“უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების და მცხეთის ქალაქმშენებლობითი კადასტრის მომზადებას. გენგეგმა სარეკრეაციო და ტურისტული ზონების, საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების შექმნას, სატრნსპორტო სისტემების განახლებას ითვალისწინებს.

1994 წელს, ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლები UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში შევიდა, რამაც ქალაქის საერთაშორისო ისტორიულ- კულტურული მნიშვნელობა განაპირობა. UNESCO აქტიურად ითანამშრომლებს ამხანაგობასთან და ეტაპობრივად გასცემს რეკომენდაციებს ქალაქის უსისტემო და ქაოტური განვითარების თავიდან აცილებასა და მისი ისტორიულ-კულტურული ღირებულების შენარჩუნების მიზნით. მცხეთის გენგეგმის შემუშავება რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პერიოდულად მოეწყობა განხილვები, როგორც სხვადასხვა უწყებასთან, ისე მოსახლეობასთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან. პროექტს მონიტორინგს გაუწევენ სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი და პროფესიული საკონსულტაციო საბჭოები.

მსგავსი სტატიები