მშენებლობის დარგში შემცირების ტენდენცია გამოვლინდა

Construction News

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2020 წლის მაისის თვის, ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, 2020 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 13.5% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.4 პროცენტია.

კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში.

მშენებლობის დარგში გამოვლენილი შემცირების ტენდენციაზე ისაუბრა პრესკონფერენციაზე საქსტატის დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

რაც შეეხება სექტორულ ანალიზს, მშენებლობის დარგში, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის მიუხედავად, გამოვლინდა შემცირების ტენდენცია. შემცირება შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის, ისე სამოქალაქო და სპეციალიზირებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობის მიმართულებით / შესრულების მიმართულებით. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 39%-ით შემცირდა სამშენებლო მასალების იმპორტი, 25%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტი” – განაცხადა საქსტატის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ.

მისივე თქმით, ასევე შემცირდა სამშენებლო მასალებით საცალო ვაჭრობა.

რაც შეეხება უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორს, საქსტატის დირექტორის განცხადებით, კლება დაკავშირებული იყო საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების, ბინების, ყიდვა-გაყიდვასთან და იჯარით გაცემასთან დაკავშირებული კომპანიების ბრუნვის მოცულობის შემცირებასთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ დოკუმენტი:

geostat.ge

მსგავსი სტატიები