მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება

Construction News

კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტი ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება. გარდა იმისა, რომ მათი დასუფთავება და სველი წესით დამუშავება სისტემატურად ხდება, სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ტიპის ტრანსპორტს: მუნიციპალურ ავტობუსებს, მეტროსადგურებსა და მოძრავი შემადგენლობების ვაგონებს, ასევე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის სადგურებსა და გონდოლებს, დამატებითი დეზინფექცია უტარდება. შესაბამისი ღონისძიებები მიკრობაკფორტეს, ლიზოფორმინის, სტერისეპტფორტეს, ბაქტიციდისა და მიროდეზბაზიკის სადეზინფექციო საშუალებებით სრულდება. 

აღნიშნული სამუშაოებისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ შექმნილია 50-კაციანი ტექნიკური ჯგუფი, რომელიც სპეციალური დამცავი საშუალებებით არის აღჭურვილი.

მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა, რომლის ფარგლებშიც დეზინფექცია „თბილსერვის ჯგუფის“ მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელს და ასევე, თბილისის საჯარო საბავშვო-ბაგა ბაღებს უკვე ჩაუტარდა, სადაც პრევენციის მიზნით, 16 მარტის ჩათვლით, არდადეგებია გამოცხადებული. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფექციის პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო. მისი განცხადებით, დედაქალაქის მერია საპროფილაქტიკო ღონისძიებებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ახორციელებს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თქვენ იცით, რომ გაიცა მთელი რიგი რეკომენდაციები, რაშიც დედაქალაქის მერიაც არის ჩართული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შეიქმნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და სხვადასხვა უწყებასთან ერთად, გვაქვს კონკრეტული დავალებები, რასაც ზედმიწევნით ვასრულებთ. ყოველ საღამოს, როდესაც სრულდება სამუშაო საათები, ავტობუსები ირეცხება და მუშავდება შესაბამისი ხსნარით. ასევე, დილით, ვიდრე გავლენ სამუშაოდ, ნახევარი საათით ადრე ხდება ავტობუსების დამუშავება. მსგავსი პროცესი მიმდინარეობს  ყველა მეტროსადგურში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის დავალებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ასევე, ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები და სახელოვნებო სკოლები.

მსგავსი სტატიები