22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2019 წელს წყლის რესურსების მსოფლიო დღის თემაა “წყალი ყველასათვის” (Water for All).
UNICEF-ის განცხადებით, ბავშვთა სიკვდილიანობის 85,000 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა 2014-2016 წლებში, რომლის გამომწვევი მიზეზი წყლის რესურსების შეზღუდვით მიწოდება, ანტისანიტარია და ჰიგიენური პირობების დარღვევა იყო. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2014-2016 წლებში ძალადობას 31,000 ბავშვი ემსხვერპლა, რაც ცალსახად აჩვენებს, რომ ბავშვებისთვის ბინძურ წყალს ძალადობაზე მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.
გაეროს მდგრადი განვითარების გეგმის მიხედვით:
· ყოველი 10 ადამიანიდან 3-ს შეზღუდული წვდომა აქვს უსაფრთხო სასმელ წყალთან;
· მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონ ადამიანს არ აქვს წვდომა უსაფრთხო და სუფთა წყალთან;
· ზოგიერთ ქვეყანაში ქალები და ბავშვები დღეში 6 საათს წყლის მოპოვებას უთმობენ;
· განვითარებად ქვეყნებში დაავადებების 80% წყლის სანიტარული პირობების დარღვევას უკავშირდება. 2.4 მილიარდ ადამიანს კი სველი წერტილების ხელმისაწვდომობა არ აქვს;
· მხოლოდ 1990-2015 წლებში წყლის რესურსების მოთხოვნა 76-დან 90 პროცენტამდე გაიზარდა.