მსოფლიოს ყველაზე დიდი ვერტიკალური ფერმა დუბაიში აშენდება

Construction News

მსოფლიოს ყველაზე დიდი ვერტიკალური განაშენიანების ფერმის მშენებლობა დუბაიში დაიწყო. შენობა 130,000 კვადრატული ფუტის (1 კვ.ფ = 0.09 კვ.მ) ფართობს დაიკავებს და ის სამუშაო დღის ნახევარში 3 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს.

ვერტიკალურ მეურნეობას, რომელიც ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დახურულ სივრცეში მცენარეების მოყვანას გულისხმობს, ამერიკული კომპანია “Crop One Holdings” მისდევს.

კომპანიამ არაბთა გაერთიანებული საამიროების საავიაციო კვების სამსახურთან (EKFC) თანამშრომლობით ერთობლივი საწარმოს მშენებლობა გასულ წელს გადაწყვიტა. CNBC.com-ის ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 40 მილიონი აშშ დოლარია.

მათი მიზანი მსოფლიოს ყველაზე დიდი ფერმის აშენებაა, სადაც მცენარეები ვერტიკალური განაშენიანების წესით მოჰყავთ.

ფერმაში ტემპერატურის, ტენიანობისა და ნახშირორჟანგის დონის უწყვეტი კონტროლის პირობებში, მოსავლის აღება ნახევარ წელიწადში 32-ჯერ იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა ტრადიციული ფერმები ამას მხოლოდ ორჯერ ახერხებენ.

“Crop One Holdings”-ის წარმომადგენლების თქმით, ფერმას მაღალი ხარისხის, პესტიციდებისგან თავისუფალი მცენარეებისთვის 99%-ით უფრო ნაკლები წყალი სჭირდებათ, ვიდრე ღია ცის ქვეშ არსებულ ფერმებს. მათივე ინფორმაციით, მშენებლობა 2019 წლის ნოემბერში დასრულდება.

მსგავსი სტატიები