მსოფლიოს ყველაზე დიდი პარკი ამსტერდამში 29,000 ჰექტარს დაიკავებს

Construction News

ჰოლანდიური არქიტექტურული ფირმა ,,Mecanoo” ახალ გრანდიოზულ პარკს აპროექტებს, რომელიც მსოფლიოში ფართობის მიხედვით,  ყველაზე დიდი იქნება.  პარკი ამსტერდამთან ახლოს გაშენდება და ის 29,000 ჰექტარს დაიკავებს. ადგილობრივმა მთავრობამ გეგმა აბსოლუტური უმრავლესობით დაამტკიცა.

Archdaily.com-ის ცნობით, ახალი პროექტი აქამდე არსებული 4 დაცული ტერიტორიის გაერთიანებას ითვალისწინებს და მას ,,Nieuw Land” (ჰოლანდიური სახელწოდება) ანუ “ახალი მიწა” დაერქმევა.

ჰოლანდიის ბუნებრივი პარკი ინოვაციური იქნება და ყველა თაობის წარმომადგენლისთვის  გასართობ და საგანმანათლებლო ფუნქციებს შეითავსებს. ჩვენი ჯგუფის მიზანია ქალაქი და ხალხი ბუნებას მეტად დაუახლოვდნენ. პარკში მოეწყობა ჯებირები, ჭაობიანი ადგილები, ახალი კუნძულები და ტერიტორია ფლორის, ფაუნისა და ლანდშაპტური თავისებურებებით უფრო მიმზიდველი გახდება დამთვალიერებლისთვის’’, – აღნიშნავს ,,Mecanoo”-ს კრეატიული დირექტორი, ფრენსინ ჰუბენი.

,,ახალი მიწა” თავდაპირველად ათასობით სახეობის ფრინველისთვის  დაცულ ტერიტორიას წარმოადგენდა, სადაც ისინი საკვების საკმარისი მარაგითა და თავშესაფრით იყვნენ უზრუნველყოფილნი. უბეების, წყლის რეზერვუარების, პატარა კუნძულებისა და მდელოების დამატება, ტერიტორიისთვის უწყვეტ ეკოსისტემას შექმნის.

პარკი ადვილად მისადგომი იქნება მნახველებისთვის და ადგილზე მისვლა ველოსიპედის, კანოეს ან უბრალოდ ფეხითაც იქნება შესაძლებელი. გარდა ამისა, პარკთან ახლოს მატარებლის ახალი სადგური “ბუნების სადგური” (nature station) გაიხსნება და პარკი ადვილად მისადგომი გახდება ამსტერდამის მეტროპოლიტენის მგზავრებისა და სხვა ქალაქებისთვის.

მსგავსი სტატიები