მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება

Construction News

ვაკის რაიონში, მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოს მომავალში დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამუშაოების გაჭიანურება ტენდერში გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის არაჯეროვანმა მუშაობამ გამოიწვია, თუმცა აღნიშნული კომპანია ჩანაცვლდა და რეაბილიტაციის პროცესს ახალი კომპანია უძღვება.  

თბილისის მერმა კომპანიების მხრიდან ვალდებულებების შესრულებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტენდერების გამოცხადების დროს მეტი ყურადღებაა საჭირო.

იცით, რომ კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მრგვალ ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, დათხოვნილ იქნა, რადგან დაკისრებულ მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულდებდა. სამწუხაროდ, არის ასეთი შემთხვევები, როდესაც კომპანიები არაკეთილსინდისიერად იქცევიან და ვერ ასრულებენ სამუშაოებს, რასაც ძალიან დიდი ნეგატივი და საზოგადოების მხრიდან გულისწყრომა მოყვება. ეს ზუსტად ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენთვის, მთავრობისთვის, ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ყველა გვადანაშაულებს ჩვენ. მოსახლეობას არ აინტერესებს,  ეს კონტრაქტორის ბრალია, ის ვერ ასრულებს მოვალეობას თუ არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად მუშაობს. საზოგადოებას ამას ვერც აუხსნი, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, კომპანიებმა ნორმალურად იმუშაონ. მესმის, რომ რთულია, რადგან ეს ყველაფერი ხდება ტენდერის მეშვეობით, თუმცა მუშაობის დროს საჭიროა მეტი ყურადღება. ასეთივე პრობლემა გვქონდა გლდანში, პარკის მშენებლობის დროს, იქაც ანალოგიური დამოკიდებულება იყო – ვერ ასრულებდა კომპანია სამუშაოებს და ისიც დავითხოვეთ. ასევე, ბუშის ქუჩაზე სამუშაოების დროს, მაგრამ ეს ჩვენ გვაზიანებს. ამიტომ, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც თავიდანვე ვიცით, რომ ვერ შეასრულებს დაკისრებულ ვალდებულებას. ჯობს, ჩაიშალოს ტენდერი და დრო დაიკარგოს ახალი ტენდერის გამოცხადებაში, ვიდრე ასეთმა კომპანიებმა გვაწვალოს, აწვალოს ხალხი და ამან დისკომფორტი და გაღიზიანება გამოიწვიოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ახალ კონტრაქტორს მრგვალი ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად, სამ კვირაზე ცოტა ნაკლები დაჭირდება და ბაღი მთლიანად განახლდება და მოწესრიგდება.

მსგავსი სტატიები