მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Construction News

მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც თბილისში განხორციელდება, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის შენობის რეაბილიტაციაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს შენობა-ნაგებობა 200 წელს ითვლის და ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობაა თბილისში, რომელმაც ბევრი ქარტეხილი გამოიარა, ბევრჯერ შეიცვალა გასულ საუკუნეში თავისი იერ-სახე. სწორედ მის თავზე აღიმართა პირველი რესპუბლიკის ეროვნული დროშა. დღეისთვის, სასახლე მართლაც მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, მივიღეთ შენობის რეაბილიტაციისა და მოწესრიგების გადაწყვეტილება. სასახლეს დღეს საუკეთესო ფუნქცია აქვს – ემსახურება ბავშვებს და კიდევ დიდხანს მოემსახურება, თუ სათანადოდ ვუპატრონებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი უკვე გამოცხადებულია და 10 თებერვალს დასრულდება.

„პროექტის ღირებულება 599,000 ლარია. ჩვენ პროექტებს ეტაპობრივად მივიღებთ,რომ 2019 წელსვე დაიწყოს სამუშაოების განხორციელება. პირველი აქცენტი იქნება ფასადის აღდგენაზე და შემდეგ, შიგნითაც მასშტაბური სამუშაო იქნება ჩასატარებელი. სასახლის შენობა მთლიანად მოწესრიგდება და მომავალ თაობებს კიდევ ბევრი ათეული წლის განმავლობაში, სათანადოდ მოემსახურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი სტატიები