მინისტრი: პროფესიული განათლება უნდა გახდეს კარიერის შექმნის პოპულარული გზა

პროფესიული განათლება უნდა გახდეს კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ პროფესიული განათლების გამოფენის „გაიცანი პროფესია“ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

„როდესაც ინვესტორებთან ვლაპარაკობთ ინვესტიციების მოზიდვაზე, ერთ-ერთი პირველი ფაქტორი, რასაც ისინი ყურადღებას აქცევენ, არის კვალიფიცირებული მუშახელის არსებობა ქვეყანაში. საუბარია ისეთი პროფესიის ადამიანებზე, როგორიც არის, მაგალითად, დურგალი, შემდუღებელი, ტექსტილის წარმოების სპეციალისტი, რემონტების სფეროს სპეციალისტები – ანუ კვალიფიკაცია ძირითადად ეხება პროფესიულ განათლებას. შესაბამისად, გვჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა და ენერგია, რომ გარდატეხა მოვახდინოთ იმ ტენდენციაში, რომელიც დღეს გვაქვს და პროფესიული განათლება გახდეს საქართველოში კარიერის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გზა“, – აღნიშნა მინისტრმა. 

მისი თქმით, დასახული მიზნების მისაღწევად კერძო სექტორთან ურთიერთობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ჩვენი სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ პროფესიული განათლება მივცეთ ადამიანებს იმ სფეროებში, რომლებიც მოთხოვნადია კერძო სექტორის მიერ“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მსგავსი სტატიები