მინისტრი: „თიბისი ბანკისა” და ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხები უნდა გაიმიჯნოს

Construction News

საქართველოს ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული გამოძიება და ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხი უნდა გაიმიჯნოს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან და ინვესტიციების მოზიდვაშიც ეხმარება.

„ბატონმა მამუკამ აღნიშნა, რომ კონსორციუმსა და მთავრობას შორის არის ძალიან კარგი თანამშრომლობა, რასაც სიამოვნებით ვადასტურებ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელი შევუწყოთ იმ ფინანსური რესურსის მოზიდვაში, რაც საჭიროა პორტის მშენებლობისთვის. ორი კვირის წინაც, შესაბამისი სამინისტროების მოადგილეების დონეზე, გაიმართა შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან, სადაც მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე იყო მსჯელობა. ამიტომ, ვფიქრობ კარგი იქნება თუ გავმიჯნავთ ამ ორ თემას. ერთის მხრივ, ყველა მხარის ჩართულობით გრძელდება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა და მეორეს მხრივ, თვალს ვადევნებთ საგამოძიებო მოქმედებებს, რომელიც ეხება “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ კონკრეტულ გარიგებას. ამ ორ საკითხს ერთმანეთს ვერ დავუკავშირებ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავრობის და
კონსორციუმის ძალისხმევა მიმართულია იქეთკენ, რომ ანაკლიის პროექტი წარმატებით განხორციელდეს”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები