მინისტრი ანაკლიის პორტზე: საფინანსო ინსტიტუტებმა მოგვმართეს გარანტიების გაცემის თაობაზე

Construction News

„ანაკლიის პროექტის კომერციული მხარის შეფასების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მოგვმართეს გარანტიების გაცემის თაობაზე და ჩვენ ამ მოთხოვნების შინაარსს ვსწავლობთ, ორ გვერდზე მეტია საკითხების ჩამონათვალი და ერთ-ერთი მთავარი თემა მაინც ტვირთების გარანტიაა. ეს პირობა, არც ინტერესთა გამოხატვის და არც საინვესტიციო ხელშეკრულების გაფორმების ფაზაზე, არ ყოფილა დაყენებული”, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ვიცე-პრემიერის თქმით, წინა კვირაში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მან დეტალურად ახსნა ის სირთულეები, რაც ამ პროექტის განხორციელების პროცესში წარმოიშვა.

„პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვართ ჩართული იმ მოლაპარაკების პროცესში, რომელსაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, თავად უნდა ახორციელებდეს დამფინანსებელ ორგანიზაციებთან. ამ ეტაპზე, ვიღებთ დეტალურ ინფორმაციას და დასაბუთებას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან იმასთან დაკავშირებით, თუ რა სახის გარანტიებია მათთვის საჭირო სესხების გასაცემად, რა პირობებს უნდა მოიცავდეს ეს და ა.შ, საკმაოდ ბევრი დეტალისგან შედგება და რთული საკითხია”, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მსგავსი სტატიები