მზიურის პარკის რეაბილიტაცია 2020 წლისთვის დასრულდება

Construction News

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ,,მზიურის“ პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზიანებული, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის და პარკის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა სკეიდბორდის, საბავშვო გასართობი და მცირე ზომის საფეხბურთო მოედნები, საველოსიპედე ბილიკები, ფანჩატურები, დასასვენებელი ადგილები. „მზიურის“ ყოფილი საბაგირო სადგურის შენობაში მინი მედიათეკა და თანამედროვე გალერეის მინიმალისტური საგამოფენო დარბაზი მოეწყობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბავშვთა ქალაქში ტერიტორიის გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ კვლევას, დენდროლოგიური და სარწყავი სისტემების მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ დედაქალაქს კიდევ ერთი, სრულად კეთილმოწყობილი მრავალფუნქციური რეკრეაციული ზონა შეემატება.

პარკი სხვადასხვა ტიპის სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ სივრცეებად დაიყოფა. ,,მზიურის“ პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

მსგავსი სტატიები