მეცნიერებმა ბეტონს აღდგენის უნარი შესძინეს

Modern Roofing

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თუკი ბეტონს გარკვეული სახეობის სოკო შეერევა, მას ბზარების რეგენერაციის უნარი ექნება. მეთოდი იაფი და ეკოლოგიურად სუფთაა. სოკო “სამკურნალო” ფუნქციას შეითავსებს ძველი ბეტონის ნაგებობებისთვის ან იმ კონსტრუქციებისთვის, რომლებიც დაბზარულია.

Sciencedaily-ის ინფორმაციით, ახალი თვით აღმდგენი ბეტონი აშშ-ის ნიუ-იორკის შტატში, ბინგემტონის უნივერსიტეტში შეიმუშავეს.

სათანადო მოპყრობის გარეშე, შენობის ბზარები თანდათან მატულობს, რაც კიდევ უფრო აძვირებს აღდგენის ხარჯებს. თუკი პრობლემის მოგვარება მაშინ არ დაიწყება, როცა ბზარები მცირე ზომისაა, ასეთ შემთხვევაში დაზიანება მიაღწევს ფოლადის არმატურამდე და შენობა არამარტო გარეგნული დაზიანების, არამედ არმატურის კოროზიის საფრთხის წინაშეც დადგება. ასე შენობა დაუცველი იქნება წყლის, ჟანგბადის, ნახშირორჟანგისა და ქლორიდებისგან, რაც საბოლოოდ შენობის ჩამოშლამდე შეიძლება მივიდეს.

“იდეა ადამიანის ძვლების რეგენერაციის უნარმა შთაგვაგონა. შენობის გარეგანი იერიც ისევე შეიძლება გამთელდეს, როგორც მოტეხილი ძვალი. ადამიანის შემთხვევაში კანისა და ქსოვილების რეგენერაციის წყარო საკვები ნივთიერებებიდან მიღებული ენერგიაა, ხოლო ბეტონის შენობისთვის იმავე როლს სოკო შეასრულებს”, – აღნიშნავს ბინგემტონის უნივერსიტეტის პროფესორი, ქონგრუი ჯინი.

აღდგენის პროცესში სოკოვან სპორებთან ერთად კალციუმის კარბონატიც მონაწილეობს. პროცესი დროში სწრაფად მიმდინარეობს და არ საჭიროებს დამატებით სამუშაოებს. განახლების შემდეგ საფარში წყალი და ჰაერი აღარ შეაღწევს. გარემო პირობებთან შეგუების შემდეგ სპორები ისევ აქტიურდება და ხელახალი დაზიანების შემთხვევაში, კვლავ შეუძლია აღდგენის პროცესი გაიმეოროს.

მსგავსი სტატიები