მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა

Construction News

თბილისის მეტროს ორი განახლებული მოძრავი შემადგენლობა დაემატა.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლებული ვაგონები დაათვალიერა და აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში, მეტროს ახალი შემადგენლობები კიდევ დაემატება.

„სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგება ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. დღეს მეტროს ახალი შემადგენლობები დაემატა. შემადგენლობების დამატების მიზანი მოცდის პერიოდის შემცირებაა, განსაკუთრებით, პიკის საათებში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მეტროს მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ მაგალითად, პიკის საათებში მოცდის დრო 4 წუთი იყო, დღეს 3 წუთია და გვინდა, ეს მაჩვენებელი 2.5 წუთამდე დავიყვანოთ. მეტროთი და ავტობუსებით მგზავრობა ქალაქში უნდა იყოს ყველაზე კომფორტული და სწრაფი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დამატებით ერთი – ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზზე – სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს.

ვაგონების მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა, გაიზარდა მისი მოცულობა და მასში დამონტაჟდა თანამედროვე კონდიცირების სისტემა; კაბინები, ასევე, აღიჭურვა მართვის თანამედროვე პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები შეიცვალა დიოდური სანათებით; დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და ბაქანის საკონტროლო გარე კამერები; მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; მოძველებული მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით; განახლდა მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ავტომატური სისტემები, რაც ითვალისწინებს მოძრავ შემადგენლობებს შორის უსაფრთხო ინტერვალის პრინციპს.

მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2019 წელს, დამატებით, 27 ვაგონის განახლებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები