მერი: გენგეგმას დაეფუძნება თბილისის განვითარება და შეცდომებს აღარ დავუშვებთ

Construction News

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გენერალურ გეგმას დაეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება და სამომავლოდ შეცდომები აღარ იქნება. ამის შესახებ მან თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასებისას სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაეფუძნება ქალაქის განვითარება. რაც მთავარია, სწორი განვითარება, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში დედაქალაქში. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს და არ მოსწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაც ხდება ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით თბილისში. ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას და იმ შედეგს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, გამოვასწორებთ, თუმცა სამომავლოდ, ჩვენ აღარ დავუშვებთ შეცდომებს, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვის ფორმატში აჩვენა მოსახლეობას მონაცემები, რომლითაც დგინდება, რომ 2009 წლის გენერალური გეგმით დამტკიცებული სატყეო ზონა, რომელიც პრაქტიკულად გამქრალი იყო და მხოლოდ 2 პროცენტს წარმოადგენდა, განახლებული გენერალური გეგმის ბოლო ვერსიით გაიზარდა 47%-მდე, სარეკრეაციო ზონა გაიზარდა 46%-მდე, ასევე შეიცვალა სტატუსი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონამ და განისაზღვრა 6 პროცენტით. მისივე განმარტებით, ლანდშაფტური ტერიტორიის ნაწილის სტატუსი კიდევ უფრო გამკაცრდა და სატყეოში გადაინაცვლა.

თბილისის მერმა ასევე, განმარტა კ2 კოეფიციენტის გაცემის საკითხი და წარმოდგენილი სტატისტიკით მოსახლეობას აჩვენა, რომ 2018 წელს მხოლოდ 63 სპეციალური ზონალური შეთანხმებაა გაცემული პარამეტრის მატების კუთხით, რაც გაცილებით ცოტაა, ვიდრე წინა წლებში მიღებული შეთანხმებები.

საკრებულომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა 15 მარტს დაამტკიცა. თბილისის გენერალური გეგმის პროექტზე „სითი ინსტიტუტი საქართველო“ 2015 წლიდან მუშაობდა, თუმცა მერიამ პროექტი რამდენჯერმე დაიწუნა, რის გამოც მისი მიღება ჭიანურდებოდა. მერიამ “სითი ინსტიტუტი საქართველო” 140,000 ლარით დააჯარიმა. დოკუმენტის შესაქმნელად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2,800,000 ლარი გამოიყო.

მსგავსი სტატიები