მერიაში უარყოფენ, რომ გურამიშვილის გამზირზე მშენებლობის მიზნით ხეები იჭრება

Construction News

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის მიზნით, გურამიშვილის გამზირზე მდებარე სკვერში ჯანსაღი ხეები იჭრება.

თბილისის მერი მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

„მომავლის თაობის პოლიტიკოსმა“ გააკეთა განცხადება, რომ კონკრეტულ მისამართზე – სკვერში თითქოს, ხეები იჭრება იმისთვის, რომ 12-სართულიანი კორპუსი აშენდეს. აღნიშნულ ტერიტორიაზე პროექტი იმ ზონის ფარგლებში ვითარდება, რა ზონაც არის მითითებული და დადგენილი ყოველგვარი კოეფიციენტის მატების გარეშე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოადგილეს, მაია ბითაძეს სთხოვა, აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

„ტერიტორია, რომელიც სკვერის მომიჯნავედ მდებარეობს და სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, სამშენებლო ტერიტორიაა. უფრო მეტიც, საზოგადოებრივი-საქმიანობის ზონაა, სადაც ბევრად უფრო დიდი მოცულობის ობიექტი შეიძლებოდა აშენებულიყო. პროექტის მიხედვით, არცერთი ხე არ იჭრება. ძალიან დიდი დენდროლოგიური პროექტია შეთანხმებული, რომლის შედეგებს პროექტის დასრულების შემდეგ ვიხილავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ნამდვილად სირცხვილია, მოსახლეობის ამ დონით შეცდომაში შეყვანა“, – განმარტა მაია ბითაძემ.

მსგავსი სტატიები