მახათას მთაზე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება

Construction News

მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძრის მიმდებარედ, თანამედროვე და უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმი აშენდება, – შესაბამისი მემორანდუმი მთავრობას, საპატრიარქოსა და საზოგადოებას „ივერიისა” შორის გაფორმდა.

დოკუმენტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და საზოგადოების – „ივერიისა” თავმჯდომარე გიორგი თავაძემ მოაწერეს ხელი.

ძლიერი ქართული სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ეკლესიას და ძლიერი ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს. დარწმუნებული ვარ, ეს ერთობლივი პროექტი გახდება კიდევ ერთი სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოს ამ ძალიან მარტივი ჭეშმარიტებისა. კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრს ამავდროულად  ექნება სამეცნიერო-კვლევითი ფუნქციაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ძალიან დიდ აქცენტს ვაკეთებთ განათლებაზე და დარწმუნებული ვარ, პროექტის რეალიზაციის შემდეგ ეს ადგილი ძვირფასი გახდება ყველასთვის, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო. ჩვენ გვაქვს ეროვნული საგანძური, რითაც ამაყობდნენ ჩვენი წინაპრები, ვამაყობთ ჩვენ და ჩვენი ვალდებულებაა, ის მომავალ თაობებს გადავცეთ. მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა წვლილი გვაქვს შეტანილი ქართველ ერს მსოფლიო და ევროპული ცივილიზაციის ფორმირებაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მემორანდუმის გაფორმება ისტორიულ ნაბიჯად შეაფასა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

არის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები და ასეთი ნაბიჯია გადადგმული დღეს. ღმერთმა დალოცოს ეს ნაბიჯი და ღმერთმა ინებოს, რომ გამოიღოს კეთილი შედეგი ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ”, – ბრძანა უწმინდესმა.

მუზეუმში განთავსებული  საეკლესიო საგანძურის დაცვასა და მოვლა-პატრონობას მთავრობა უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები