„მაღლივის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 12-სართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ

Construction News

თბილისში, გარემოსდამცველები და ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობა, უნივერსიტეტის „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებენ.

ოთხი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობას დეველოპერული კომპანია “m2” გეგმავს.

ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება რეკრეაციული ზონის სტატუსს ატარებს, რომლის თანახმადაც, ტერიტორიაზე ყოველგვარი სამშენებლო სამუშაოების ჩატარება იკრძალება.

როგორც “რადიო თავისუფლებას” თბილისის მერიაში განუმარტეს, კომპანია „m2“-ის განცხადებაზე ტერიტორიისთვის ზონის სტატუსის შეცვლის თაობაზე, გადაწყვეტილება მიღებული არ არის:

„თბილისის მერმა არაერთხელ განაცხადა, ყველა მსგავსი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალაქის სასიკეთოდ, თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრეც“.

ქავთარაძის ქუჩის მოსახლეობა ამბობს, რომ „მაღლივის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ზოლი, ერთ-ერთი უკანასკნელია საბურთალოს რაიონში. მათი განცხადებით, ეს არის ტერიტორია, საიდანაც ვაჟა-ფშაველას კვარტლებს და არამარტო მას, ჰაერი მიეწოდება და ხდება ტერიტორია ვენტილირდება ვერეს ხეობიდან. მათივე თქმით, დაგეგმილი მშენებლობა და ამის შედეგად გაზრდილი ავტომობილების ნაკადი, ტერიტორიის სრულ პარალიზებას და სატრანსპორტო კოლაფსს გამოიწვევს.

კომპანია „m2“-ში აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლების პარალელურად, ტერიტორიაზე დაგეგმილია 200-მდე სხვადასხვა ჯიშის ხის ნარგავისა და 500-ზე მეტი ძირი მარადმწვანე ბუჩქის დარგვა. მათივე განცხადებით, მშენებლობის პროცესში მაქსიმალურად შენარჩუნდება მწვანე საფარი და 104 ძირი არსებული ხე მიმდებარე ტერიტორიაზე გადაირგვება.

radiotavisupleba.ge

მსგავსი სტატიები