მამუკა ბახტაძე – მეტი კერძო ინვესტიცია ინფრასტრუქტურულ პროექტებში

Construction News

საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.

ჩვენ განსაკუთრებულად დაინტერესებული ვართ, მეტი კერძო ინვესტიცია ვიხილოთ ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებში და საჯარო-კერძო პარტნიორობის სააგენტო არის უნიკალური პლატფორმა ამ მიზნის მიღწევისთვის”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ საჯარო-კერძო პარტნიორობის რეფორმა, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება.

ჩვენ შევეცადეთ, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება მოგვერგო ჩვენი რეალობისთვის, იმ მთავარი მიზნების მიღწევისთვის, რაც ჩვენი ეკონომიკის წინაშე დგას. ბუნებრივია, ეს არის სიღარიბის დაძლევა და მეტი ინკლუზიური ზრდა. დარწმუნებული ვარ, ეს ფორმატი საშუალებას მოგვცემს, საქართველოში მოვიზიდოთ მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები და საქართველო გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე. ამავე დროს, ჩემთვის, როგორც მთავრობის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებულად პრიორიტეტულია, დარწმუნებული ვიყოთ ნებისმიერი პროცესის გამჭვირვალობაში და იმაში, რომ გადაწყვეტილებების მიღების სტანდარტი ყველაზე მაღალი და ეფექტურია. ამ თვალსაზრისითაც, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ფორმატი უნიკალურია, ვინაიდან მოცემული ინდიკატორები და პარამეტრები, ძალიან ამბიციურია და შეესაბამება საუკეთესო საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილებას”, – განცახადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც მთავრობამ ამ რეფორმისთვის გადადგა და საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს მთავრობა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

მსგავსი სტატიები