მამუკა ბახტაძე დედაქალაქის რეაბილიტაციისთვის უფრო მეტი მხარდაჭერის დაპირებას იძლევა

Construction News

მე გპირდებით, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან მომავალ წლებშიც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ექნება იმას, რომ ასე ნაბიჯ-ნაბიჯ  შევძლოთ და ჩვენი ულამაზესი დედაქალაქის ყველა უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ ისე, რომ მან შეინარჩუნოს პირვანდელი იერსახე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ორბელიანის მოედნის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელებისას პირვანდელი იერსახის შენარჩუნებას განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს არის ის, რის გამოც თბილისი ყველას უყვარს.

პრემიერ-მინისტრმა, კახა კალაძესა  და მის გუნდს, მაღალი პროფესიონალიზმისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ პროექტები, რომელსაც წელს თბილისის მერია ახორციელებს, ასეთივე წარმატებით დასრულდება.

ორბელიანის ქუჩის გახსნის ღონისძიებაზე მოქალაქეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმა მიმართა. კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებას მინისტრთა კაბინეტისა და  პარლამენტის წევრები, ასევე   ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები