ლიფტის შერჩევის მთავარი ფაქტორები

Modern Roofing

ლიფტის შერჩევისას პირველ რიგში უნდა განისაზღვროს მისი დანიშნულება, შენობაში მოსალოდნელი მგზავრნაკადი და სამონტაჟო ადგილის ტექნიკური პარამეტრები. სწორედ ამ ინფორმაციის საფუძველზე უნდა დადგინდეს ლიფტის მოდელი, ტვირთამწეობა, კაბინისა თუ შახტის საჭირო ზომა და მოძრაობის სიჩქარე.

შახტის ზომა და ლიფტის მონტაჟი

არსებობს საინჟინრო პრაქტიკის შედეგად ჩამოყალიბებული სტანდარტები, მაგალითად სართულიანობის მიხედვით, ტვირთამწეობის, ან სიჩქარის განსაზღვრისთვის, მაგრამ ხშირად საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა და ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტა, რომ ჩვენთვის საჭირო ლიფტი მოვარგოთ სამონტაჟო ადგილს. სწორედ სამონტაჟო ადგილის თავისებურებებიდან გამომდინარე მოითხოვება ლიფტის მოდელისა და უსაფრთხოების კომპონენტების შერჩევა. 

ხშირად შენობის პროექტირებისას, ლიფტების სფეროში პროფესიონალ ინჟინერთა კონსულტაციის გარეშე იგეგმება შახტის ზომა. შედეგად, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ლიფტის მონტაჟის პროცესში იქმნება ტექნიკური პრობლემები, რაც დამატებით საინჟინრო ძალისხმევას მოითხოვს და ზოგ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება ყველა შეცდომის გამოსწორება.

ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია გამოცდილება – ლიფტის მონტაჟის დროს ხშირად ჩნდება გაუთვალისწინებელი ტექნიკური საკითხები, რის გადაწყვეტასაც  გამოცდილი საინჟინრო და სამონტაჟო პერსონალი ჭირდება.

სტანდარტი და რეგულაცია

2017 წლიდან შეიცვალა მიდგომა და ლიფტების ექსპლუატაციაში მიღების წესიც გაცილებით მკაცრი მოთხოვნებითაა რეგულირებული. არსებობს ტექნიკური რეგლამენტი ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ, რომელიც არეგულირებს ლიფტის მოწყობის წესს და  დაფუძნებულია ევროპაში მიღებულ სტანდარტებზე, მაგალითად: ჭის/თანაორმოს გაზრდილი სიღრმე, გაზრდილი ზედა სართულის ზომა (მანძილი ზედა სართულის იატაკის ნიშნულიდან – შახტის ჭერამდე). განახლებული სტანდარტის მიზანია, ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის ხარისხის გაზრდა.

ასევე ყურადსაღებია სახანძრო უსაფრთხოების ახალი დადგენილება, რომელმაც ახალი მოთხოვნები წარმოქმნა, ლიფტის კაბინის ზომისა და ტვირთამწეობის დაგეგმვაზე, შენობის სართულიანობის გათვალისწინებით.

სიახლეა ასევე შშმ პირებისთვის – შენობებში პანდუსების და სპეციალური ლიფტების დაგეგმვის აუცილებლობა, რამაც სამგზავრო ლიფტების, მათთვის მისაღებ ზომებზე და დიზაინზე მორგება მოითხოვა.

ამ მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა შექმნის პრობლემებს შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროს.

მარკეტინგი

ტექნიკურის გარდა, მხედველობაშია მისაღები მარკეტინგული საკითხიც, მაგალითად ლიფტის დიზაინი, ასევე ლიფტის ბრენდი, რაც ხარისხის გარანტიაა. სწორად შერჩეული ხარისხიანი ბრენდის ლიფტი, გარკვეულწილად ზრდის შენობაში გასაყიდი ფართის ფასს. ამიტომ პრესტიჟულ შენობებში, მარკეტინგულად გამართლებულია ცნობილი ბრენდული ლიფტის მონტაჟი. ცნობილ ბრენდებს,  ლიფტის მოდელიც კი მთლიანი კომპლექტაციით აქვთ სერტიფიცირებული, რაც უზრუნველყოფს მის კომფორტულ ფუნქციონირებას და მინიმუმ 25 წლიან სამუშაო რესურსს, ლიფტის შემდგომ მოდერნიზაციამდე.

ეკონომია და გაზრდილი რისკები

საქართველოში, ლიფტების ბაზრის 70% იაფფასიან და უხარისხო ლიფტებს უკავია. არასწორი ბიუჯეტირების გამო, ხშირად, მშენებლობის ბოლო ფაზაში სწორედ ლიფტებზე კეთდება ეკონომია. იაფფასიანი ლიფტის სამუშაო რესურსი კი გაცილებით ნაკლებია, ხოლო ტექნიკური რისკები გაცილებით მეტი.

ლიფტი ერთ-ერთი საიმედო მექანიზმია შენობაში და ის ადამიანს ყველა წესის დაცვით უნდა ემსახუროს. მისი სწორად შერჩევა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია შენობის ფუნქციონირებისთვის, რადგან ლიფტი შენობისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც არტერია სხეულისთვის.

სტატისტიკურად  ცნობილია, რომ წინა საუკუნის 80-იან წლებში, ჩინეთში უფრო ნაკლები ლიფტი იყო ვიდრე იტალიაში. ამჟამად კი ჩინეთის ლიფტების მხოლოდ შიდა ბაზარი არის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 60%.

ავტორი: დარგის ექსპერტი – ნიკოლოზ მედულაშვილი

მსგავსი სტატიები