ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება

Construction News

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტი ლილოს ნაგავსაყრელის პრობლემის მოგვარებას გეგმავს, რაშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. ამის შესახებ კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ვიდეოდიალოგის დროს, მოქალაქე ვანო ჯანიაშვილის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„ლილოს ნაგავსაყრელი რომ მოუწესრიგებელია, ეს სერიოზული და წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემაა. ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ როგორც ნორმალურ, ევროპულ, განვითარებულ ქალაქებშია, ისე მოხდეს ამ ნარჩენების გადამუშავება და შემდეგ ელექტროენერგიის ან საწვავის მიღება. მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომლებიც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში გვეხმარებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და მას ახალი უჯრედი დაემატება.

„წელს ფართომასშტაბიან სამუშაოებს ჩავატარებთ იმისთვის, რომ ნაგავსაყრელიდან მეთანის წარმოშობისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელების საკითხი გადაწყდეს. ასევე, დიდი სამუშაოები ჩატარდება იმისთვის, რომ ძველი ნაგავსაყრელი, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, დაიხუროს და წლის ბოლოს გვექნება ახალი უჯრედი, სადაც უკვე შეგვეძლება იმ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, რაშიც გვეხმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). ვფიქრობ, რომ დაახლოებით, წელიწადნახევარში გარემოსდაცვითი პრობლემები, რომელსაც აღნიშნული ნაგავსაყრელი წარმოშობს დაბინძურების და სუნის კუთხით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მსგავსი სტატიები