ლენტეხში მოსახლეობის უკმაყოფილების გამო „ხელედულა ჰესის“ პროექტის განხილვა გადაიდო

Construction News

„ჩვენ ჩამოვედით ლენტეხში მოსახლეობასთან შესახვედრად, გვინდოდა გვესაუბრა, თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მათ „ხელედულა ჰესის“ მშენებლობამ და დიალოგის რეჟიმში მოგვესმინა თუნდაც მწვავე შენიშვნები, რასაც მაქსიმალურად გავითვალისწინებდით. თუმცა, დავინახეთ, რომ აზრი არის გაყოფილი ორად – არის მოსახლეობის ნაწილი, ვისაც აინტერესებს კომუნიკაციაში შემოსვლა, მოსმენა და კითხვების დასმა ჰესის მშენებლობის საკითხებზე, ასევე არის მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, რომელსაც საერთოდ არ სურს კომუნიკაცია ამ საკითხზე. ჩვენ მოვერიდეთ დაპირისპირებას, ამის ესკალაციას და გადავწყვიტეთ, რომ გადავდოთ საჯარო განხილვა“, – ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ ლენტეხში მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

მინისტრის მოადგილე პრემიერის მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბართან ერთად „ხელედულა ჰესის“ პროექტის საჯარო განხილვისთვის დღეს ლენტეხში იმყოფებოდა, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა მათთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.

„პროექტის დამუშავება ორ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა, ჩატარდა ძალიან ბევრი შეხვედრა, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორთან, რომელმაც აიღო ძალიან ბევრი ვალდებულება – მაგალითად, სრულიად უარი თქვა ბურღვა-აფეთქებით სამუშაოებზე და მზად არის, რომ შემოიყვანოს გვირაბის გამყვანი მანქანა, ასევე ვალდებულებები აიღო იმ თვალსაზრისით, რომ დღეს ეს არის მეწყერსაშიში ზონა, სადაც ისედაც საფრთხის ქვეშ არის ადგილობრივი მოსახლეობა და ჰესის მშენებლობის პროცესში ეს საფრთხე მოიხსნება, ასევე დაწესდება მუდმივი მონიტორინგი“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ინვესტორი ასევე გეგმავს შექმნას სპეციალური სოციალური ფონდი, რომელიც მართვაში გადაეცემათ ადგილობრივებს და ამ ფონდში არსებული თანხა, დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება ადგილობრივ ბიუჯეტზე, საიდანაც შესაძლებელია ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტის დაფინანსება.

მსგავსი სტატიები