კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს

Construction News

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხში წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე განხორციელებულ უნებართვო მშენებლობას ვანდალიზმად აფასებს. 

სააგენტოს თქმით, სოფლის ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სამშენებლო პროცესის ინიციატორის – მოქალაქე იურიკ წარუკიანის თვითნებური გადაწყვეტილების შედეგად XIX საუკუნის დარბაზული ტიპის ეკლესიის იერსახე მკვეთრად დეგრადირდა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის კედლები ძალაყინითაა ჩამოშლილი, ხოლო ტაძრის ერთ-ერთი ფასადი თითქმის სრულად განადგურებული. 

უნებართვოდ განხორციელებული ქმედების გამოსწორებისა და განხორციებული სამუშაოების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მოთხოვნით, მოქალაქე იურიკ წარუკიანს “კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის საფუძველზე სააგენტომ წერილობითი გაფრთხილება მისცა. მისი სრულიად უგულვებელყოფის შემდეგ ფიზიკური პირი 5000 ლარით დაჯარიმდა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არაოფიციალური ინფორმაციით, უნებართვო სამუშაოების ორგანიზებისთვის იურიკ წარუკიანის გაფრთხილებისა და 5000 ლარით დაჯარიმების მიუხედავად, კორხის წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიაზე უნებართვო სამუშაოები მაინც გრძელდება, რამაც მოქმედი კანონმდებლობით შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის აუცილებლობა წარმოშვას.

მსგავსი სტატიები