ქაღალდის არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის

Modern Roofing

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე, სტუდენტური არქიტექტურული კონკურსი “ქაღალდის არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის” ჩატარდა – ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, კონკურსის კონცეფცია, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების მხრიდან, ერთგვარი პასუხია იმ გამოწვევებზე, რამაც პანდემიის დროს იჩინა თავი. მათ შექმნეს პროექტები, რომლითაც არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თავიანთი დამოკიდებულება გამოავლინეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნინო იმნაძე აღნიშნავს, რომ პანდემიით გამოწვეული ახალი რეალობა, ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სერიოზული ბიძგი აღმოჩნდა, რის შედეგადაც ე.წ. უტოპიური ფანტაზიის ჟანრის არქიტექტურული პროექტების მთელი სერია დაიბადა. შესაბამისად, გაჩნდა კონკურსის ჩატარების იდეა თემაზე “ქაღალდის არქიტექტურა დისტანციური ურთიერთობისთვის”.

დეკანის ინფორმაციით, კონკურსში პირველი ადგილი არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტების – მარიამ ღვინეფაძისა და გიორგი ზაკაშვილის პროექტებმა მოიპოვა, მეორე ადგილი ელენე ბერძენიშვილისა და სესილი ჯორთმენაძის ნამუშევრებმა დაიმსახურა, მესამე ადგილი კი რატი ნეფარიძის, ნუცა ლომსაძისა და ნიკიტა ტიმოშენკოს პროექტებს ერგოთ.

სოციალურმა დისტანცირებამ თუ იზოლაციამ, სტუდენტებში არაერთი არქიტექტურული კონცეფცია გამოავლინა. წარმოდგენილი საკონკურსო ნამუშევრები უდავოდ ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. მათში ჭარბობს ახალ რეალობასთან ადაპტირებისა და ახალი საარსებო გარემოს შექმნის თემა, ამასთან, იკვეთება ფიზიკური კონტაქტებისა და ადგილის გაქრობით გამოწვეული შიში, რასაც ახალი, ვირტუალური ადგილის გააზრება ენაცვლება. ყოველივე ეს მოითხოვს სრულიად ახალ არქიტექტურულ ფორმას – ბევრად მოქნილს, მობილურს, ადაპტირებულს, მრავალფუნქციურს და გამჭვირვალეს. მნიშვნელოვანია, რომ ახალ არქიტექტურულ ფორმებს არ გააჩნია საზღვრები. სტუდენტურ ნამუშევრებში პირველადი ყურადღება გამახვილებულია ადამიანზე, მის გრძნობებზე და შემოსაზღვრული სივრცის  გარდაქმნაზე“, – აცხადებს ნინო იმნაძე.

(მოცემული ფოტო არ ასახავს საკონკურსო პროექტებს)

მსგავსი სტატიები