კონგრესმა ბიუჯეტი მიიღო – აშენდება აშშ-მექსიკის საზღვარზე კედელი?

Construction News

სენატის შემდეგ, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამაც მიიღო რიგი სამინისტროებისა და სასაზღვრო უსაფრთხოების შესახებ ბიუჯეტი, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავა.

დონალდ ტრამპმა მორიგი „შათდაუნის“ თავიდან ასაცილებლად, ბიუჯეტის დოკუმენტს ხელი პარასკევს უნდა მოაწეროს. თუმცა როგორც მანამდე თეთრ სახლში განაცხადეს, ბიუჯეტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის ლიდერი მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, რითაც კონგრესს გვერდს აუვლის და კედლის მშენებლობისთვის დამატებით ასიგნაციებს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ კონგრესის მიერ მიღებულ ბიუჯეტში, საზღვარზე ბარიერის მშენებლობისთვის 5,7 მილიარდი დოლარის ნაცვლად, მხოლოდ 1,4 მილიარდია გამოყოფილი.

თუ ტრამპი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, ასეთ შემთხვევაში, ის სასამართლოში გასაჩივრდება და კონგრესისა და პრეზიდენტის ურთიერთდამოკიდებულება კიდევ უფრო გამწვავდება.

კონგრესსა და პრეზიდენტს შორის მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ უთანხმოებამ, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი – 35-დღიანი „შათდაუნი“ გამოიწვია.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეწყვეტას ინგლისურად shutdown (დახურვა, შეჩერება) ჰქვია. “შათდაუნი” მანამდე გრძელდება, სანამ კონგრესი ბიუჯეტის ახალ დოკუმენტს არ მიიღებს და პრეზიდენტი ხელის მოწერით კანონად არ აქცევს.

მსგავსი სტატიები